ოკუპირებულ ცხინვალში ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

08-03-2023 13:43:35 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 8 მარტს დილიდან დე ფაქტო საზღვარზე კონტოლი გააძლიერეს.

საოკუპაციო გამყოფ ხაზს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად დე ფაქტო კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახური იცავს.

"8 მარტს დილით დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გამართა", - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს–მდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

"საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების ძალები გადაიყვანეს სამსახურის საგანგებო რეჟიმზე“, - განაცხადა ბოსიკოვამ.

ბოსიკოვა არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ე.წ საგანგებო რეჟიმი და დე ფაქტო საზღვრზე გაძლიერებული კონტროლი.

ცნობისთვის: 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები