Accentnews.ge
„ამგვარი ინციდენტები მოლაპარაკებებისთვის მიწვევას ნიშნავს“: ინციდენტი შავი ზღვის თავზე

„ამგვარი ინციდენტები მოლაპარაკებებისთვის მიწვევას ნიშნავს“: ინციდენტი შავი ზღვის თავზე

15/03/2023 12:28:00 კომენტარი

ამგვარი ინციდენტები მოლაპარაკებებისთვის მიწვევას გულისხმობს,– ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის MQ-9 Reaper–ის ირგვლივ შავი ზღვის თავზე განვითარებულ მოვლენებს.

ირკვევა, რომ 14 მარტს ამერიკული დრონი ასრულებდა რუტინულ მისიას დაახლოებით 120 კილომეტრში ანექსირებული ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სივრცეში, რა დროსაც მას გზა ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მოუჭრა.

“ეს იყო მფრინავი ობიექტის სტანდარტული ჩაჭრა.მსგავსი ფრენა რეგულარულად ხორციელდება. კამერებით ახორციელებენ დაკვირვებას დრონზე წვდომის მქონე სამეთაურო პუნქტიდან, რომელიც რამშტაინშია. მაგრამ რატომ გადაწყვიტეს რუსებმა იმ მომენტში დრონის მწყობრიდან გამოყვანა? დრონისთვის გზის მოსაჭრელად სუ-27-ის წყვილი აუშვეს. ეს არ არის ძალიან მანევრირებადი სამიზნე, მასზე ადვილია გასვლა – სიჩქარე არის ქვებგერითი და ძირითადად სწორი ხაზით მიდის. ორმა თვითმფრინავმა დაიწყო მანევრირება ამ დრონის გარშემო. თავდაპირველად ისინი ცდილობდნენ დრონის „კუდში“ გადაგდებას გარკვეული მანევრებით, მაგრამ ეს არ გამოვიდა – დრონი მდგრადია გარე გავლენის მიმართ. შემდეგ დაიწყეს საწვავის გადაყრა. სუ-27-ს დაახლოებით ცხრა ტონა საწვავი აქვს, მას, პრინციპში, შეუძლია მისი ნაწილის ჰაერში გადაყრა. როდესაც საწვავი იყრება, ნავთის ღრუბელი წარმოიქმნება. თუ მასში თვითმფრინავი ან დრონი მოხვდა, შესაძლებლობა იმისა, რომ ძრავამ ნავთი შეიწოვოს და მას ცეცხლი გაუჩნდეს, არსებობს, თუმცა დრონი არ დაიწვა. შემდეგ კი, სავარაუდოდ, როგორც ამერიკელები ამბობენ, ხრახნი დაზიანდა. თვითმფრინავს შეიძლება მიუახლოვდე და პროპელერი დაუზიანი პილონის დაზიანებით. პილონი სწრაფად იცვლება, მაგრამ პროპელერის დაზიანების შემდეგ დრონი კონტროლს კარგავს და ეცემა. და შემდეგ უკვე მიიღება გადაწყვეტილება მისი განადგურების თაობაზე: ან თვითგანადგურება, ან შემოდის სხვა დრონი ან თვითმფრინავი, რომელიც მას ანადგურებს, ვინაიდან ჩაძირვის შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი წყლიდან ამოღება და საიდუმლო ნაწილების, საიდუმლო ბაზის მიღება მისი დაშლით, რაც დაშვებელია: აპარატი მართლაც საიდუმლოა – არსებობს უამრავი ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც მტერს არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. ამიტომ, ასეთ მოწყობილობებში არის თვითგანადგურების სისტემა - 50 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება. მას შეუძლია, გადაიტანოს ნახევარი ტონა, ამიტომ, 50 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება შეიძლება, გააქტიურდეს შიგნიდან ან გარე გავლენით“.

ექსპერტი ამბობს, რომ „ამ დრონების, თანამგზავრების, AWACS-ის მიერ შეგროვებული მონაცემი ასევე გამოიყენება უკრაინის სისტემების მიერ უკრაინის ტერიტორიის დასაცავად“:

„ფაქტია, რომ ეს დრონები ასევე ხედავენ საზღვაო გაშვებებს რუსული შავი ზღვის ფლოტილის გემებიდან, აფრთხილებენ უკრაინას, ჩართეთ საჰაერო განგაშის რეჟიმი და გადაარჩენენ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ამ დრონს მრავალი ფუნქცია აქვს“.

საქმხედრო ექსპერტი თვლის, რომ პირობების შექმნა დრონის ჩამოსაგდებად, მასზე შეტევას გულისხმობს, მაგრამ ასეთი საკითხები დიპლომატიური გზით წყდება. „თუ ორივე მხარე თანხმდება, მაშინ ის გადადის სასაზღვრო ინციდენტის რეჟიმში, შემდეგ ფინანსური ღირებულება კომპენსირდება და საკითხები მშვიდობიანად წყდება. ომის დროს ასეთი ქმედება შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც პირდაპირი შეტევა და ეს უკვე პრობლემაა შემტევი მხარისთვის“.

მისი დაკვირვებით, რუსეთის მხრიდან ეს ქცევა უფრო საინფორმაციო დარტყმას ჰგავს, იგივე ამერიკელებთან მოლაპარაკებაში შესვლის მცდელობას, რადგან დაახლოებით ერთ საათში იმავე მარშუტზე გავიდა მეორე დრონი და განაგრძო საქმიანობა:

„რუსები თუ რამეს აკეთებენ, ამერიკელების განცხადებას ელოდებიან და მერე შედიან გარკვეულ მოლაპარაკებებში, თუ რაიმე სახის მოლაპარაკების საჭიროებაა – ასეთი ინციდენტები მოლაპარაკებებისკენ მიწვევაა. ეს დრონები იქ პირველი წელი არაა, რაც დაფრინავენ. ამიტომ, გაიცა ბრძანება, მაღალი ალბათობით, კონტაქტის დასამყარებლად. დრონი არც კი ჩამოუგდიათ. ჩამოგდების თაობაზე რომ ყოფილიყო ბრძანება, უბრალოდ ესროდნენ, მწყობრიდან გამოყვანა კი უფრო მსუბუქი ხასიათისაა – ანუ, შექმნეს ინციდენტი, რომლის გამოც ისაუბრებენ. შემდეგ დამყარდა კიდეც გარკვეული კომინიკაცია, დიპლომატიური მოლაპარაკებები“.

მისი თქმით, დეტალური გამოძიების, რუსებისგან ახსნა–განმარტების მიღების შემდეგ გადაწყდება, დარჩება მომხდარი სასაზღვრო ინციდენტის რეჟიმში თუ მას დრონზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცემა: „თუმცა, ვიცნობ რა ამერიკელებს, შესაძლოა, ეს ყველაფერი ინციდენტის რეჟიმში დატოვონ, მაგრამ ერთ-ერთ ოკეანეში 200-300 მეტრის სიღრმეზე რუსულ წყალქვეშა ნავს მოულოდნელად დაუზიანდება პროპელერი. ანუ სარკისებური მოქმედება იქნება“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის გამანადგურებლებს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ იარაღი და მასთან კონტაქტში არ შესულან. რუსეთის თავდაცვით უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით."

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს ვაშინგტონში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი. საგარეო-პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დასძინა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით შეერთებული შტატები მაღალ დონეზე პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან.

თეთრი სახლის წარმომადგენლის ჯონ კირბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

მან რუსეთის ქმედებებს „სახიფათო, არაპროფესიონალური და უგუნური“ უწოდა.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ რუსეთმა ადრეც მოუჭრა გზა ამერიკულ დრონებს შავი ზღვის თავზე, მაგრამ ეს შემთხვევა "უნიკალურია", რადგან ამან გამოიწვია დრონის ჩაძირვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S