"ცეროდენა საქართველო მაგალითს გვაძლევს": ქართული პროტესტი და მისი მიზეზები - რუსი ჟურნალისტის თვალით

15-03-2023 17:11:23 პოლიტიკა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მათ მიზეზებს ბოლო დღეებში მთელს მსოფლიოში ეხმიანებოდნენ, მათ შორის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპანტ რუსეთშიც. ეხმიანებოდნენ კრემლის ბინადრები და პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტები, რომელთა ნარატივები, სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს თავად საქართველოს ხელისუფლებისას, ისევე, როგორც მისი მთელი ტროლ-ბოტ-არმიის გაუთავებელ ბოდვას. ეხმიანებოდნენ რუსეთის საღად მოაზროვნე მოქალაქეებიც, რომლებმაც, "ოცნების" სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის ქართველ მსხვერპლთაგან განსხვავებით, მშვენივრად იციან, რეალურად რას წარმოადგენს პუტინის რუსეთი, რა ზრახვები ამოძრავებს მას პოსტსაბჭოთა სივრცეში და ღირს თუ არა მასთან არათუ დაახლოება, არამედ საერთოდ ნებისმიერი სახის ურთიერთობა.

ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი კირილ ნაბუტოვი გახლავთ. თავის იუთუბ-არხზე მან საქართველოს ბოლოდროინდელ მოვლენებს გადაცემა მიუძღვნა, რომელშიც მოკლედ მიმოიხილავს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების წარსულსა და აწმყოს, რუსეთის მიმართ მიუღებლობის საფუძვლებს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების არსსა და ბოლო დღეების საპროტესტო აქციების მიზეზებს.

"ამ დღეებში თანამედროვეობის მთავარ თემებს შორის უკრაინულის გვერდზე მოულოდნელად გაჩნდა ქართული სახელწოდებებიც - თბილისი, რუსთაველის გამზირი და მოვლენები, რომელიც საქართველოში ამ წუთშიც ვითარდება. რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ამას თვალს ადევნებენ, მოულოდნელად გაიხსენეს, როგორია, გახვიდე საპროტესტოდ მოედანზე, დაიცვა საკუთარი უფლებები, აკრიტიკო მთავრობა, მოითხოვო იმის გაუქმება, რაც არ მოგწონს - იქნება ეს კანონი თუ სხვა რამ, დაიცვა ის, რაც მოგწონს, რისიც გწამს და გეიმედება... რუსეთში ხომ ეს ყველაფერი დიდი ხანია, დავივიწყეთ, მათ შორის - უცხოეთის აგენტების შესახებ კანონისა და შემდეგ მისიდან გამომდინარე მიღებული კიდევ რიგი კანონების ამოქმედების გამო.... საქართველო კი ჯერ-ჯერობით სხვაგვარადაა მოწყობილი: პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უცხოეთის აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით - და საზოგადოებამ იფეთქა, დაიწყო სახალხო ნების ნამდვილი დემონსტრაცია, ნამდვილი სახალხო პროტესტი, დემოკრატიის ნამდვილი გამოხატულება... რასთან დაკავშირებით? - იმასთან, რომ ივანიშვილის ჯიბის მთავრობამ და პარლამენტმა, რომელსაც ივანიშვილისვე ხალხი მართავს, უცხოეთის აგენტების შესახებ ჩვენი - რუსული კანონის ქართული ვერსიის მიღება განიზრახეს.

ამ დღეებში ყველას გაგვახსენდა, ვინაა ივანიშვილი: ის ხელმოკლე ქართული ოჯახის შვილია, რომელიც რუსეთში გადმოვიდა საცხოვრებლად, მიიღო მოქალაქეობა, აქვე გამდიდრდა და რუსეთის ერთ-ერთი მილიარდერი გახდა, ათი წლის წინ კი საქართველოს პრივატიზება მოახერხა. საგულისხმოა, რომ საქართველო მთელს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის ერთია ასეთი: ბალტიისპირელები ევროკავშირში გაწევრიანდენენ, ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბიკები მეტ-ნაკლები ხარისხით საყაენოებად გადაიქცნენ, ბელარუსში აღმოცენდა "პატარა სტალინი" ლუკაშენკოს სახით, საქართველოში კი პრაქტიკულად ერთი კაცის კერძო ხელისუფლება მივიღეთ.

და აი, ამ ერთი კაცის ხელისუფლებამ რუსული კანონის ქართული ვერსიის მიღება გადაწყვიტა, რაც ქართველ ხალხს ძალიან, ძალიან არ მოეწონა. მით უფრო, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში წარმოქმნილია უაღრესად დაძაბული, ბიპოლარული გარემო: საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის კარი გაუღო პუტინის რეჟიმისა და მობილიზაციისგან გაქცეულ ათიათასობით რუსს იმ ფონზე, რომ რუსული ტანკები დღემდე დგანან თბილისიდან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში, ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის კონტროლს ქვეშაა და რუსეთთან კავშირის მქონე ნებისმიერ საკითხს ქართული საზოგადოება ემოციურად ეკიდება.

ამის მიზეზებში რომ გავერკვეთ, მოკლედ გადავავლოთ თვალი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკმაოდ რთულ ისტორიას.

როცა ვიზრდებოდით, საქართველო ჩვენთვის ასოცირდებოდა არაჩვეულებრივ კერძებთან, კიკაბიძესა და ბრეგვაძესთან, თბილისის "დინამოს" და დავით ყიფიანთან, გამოჩენილ ქართველ მხატვრებთან, რეჟისორებთან, მსახიობებთან, არანაკლებ ცნობილ ქართველ "კანონიერ ქურდებთანაც" კიი და სტალინთან. საბჭოთა დროს გვქონდა წარმოდგენა, რომ ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, რომ ქართველები მდიდარი ხალხია, რომელიც ბაზრებზე ვაჭრობს (არადა, მოვაჭრე კავკასიელებიდან რეალურად, ყველაზე ნაკლები სწორედ ქართველი იყო); გვასწავლიდნენ, რომ ქართველები და რუსები მხარდამხარ იბრძოდნენ ომებში: ყველას გვახსოვს ალბათ, გმირულად დაღუპული გენერალ ბაგრატიონის წვლილი ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში, ასევე ქართველების გმირობა დიდი სამამულო ომის დროს... მაგრამ რეალურად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ რთულია.

საქართველო ძალზე მაღალინტელექტუალური, უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა და თუ მასთან რაიმე გვაახლოებს, მართლმადიდებლობაა, თუმცა ამმხრივაც ქართველებს ჩვენზე გაცილებით გრძელი ისტორია აქვთ. ეს იყო რთული ისტორია მუსლიმებთან ხშირი და მძიმე ბრძოლებისა, შედარებითი მშვიდობიანობის საკმაოდ ხანმოკლე პერიოდებით, სანამ მე-18 საუკუნის ბოლოს ასევე მართლმადიდებელმა რუსეთმა საქართველო არ შეიფარა: ეკატერინე მეორეს მმართველობის პერიოდში ხელი მოეწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, ალქსანდრეს დროს კი საქართველო საბოლოოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. საქარველოში დღესაც ახსოვთ, რომ დიახ, ქართველ თავადებს ყველა პრივილეგია შეუნარჩუნდათ, დიახ, საქართველოში გარე მტრებისგან დასაცავად ჩადგა რუსული ჯარი, მაგრამ რუსეთმა საქართველოს ტახტი და სახელმწიფოებრიობა წაართვა. გავიდა ათწლეულები, მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, იმპერიის ნამსხვრევები გამოცალკევდნენ და საქართველო სოციალ-დემოკრატიულ რესპუბლიკად იქცა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლენინს, სტალინსა და მათ ამხანაგებს საქართველოსთვის არ ეცალათ და ისიც დამოუკიდებლად აგრძელებდა ცხოვრებას. მაგრამ როცა "წითლებმა" მოამთავრეს საქმე პოლონელებთან, განდევნეს ვრანგელი ყირიმიდან და დაასრულეს იქ სამოქალაქო ომი, ჯერი საქართველოზეც მიდგა. სტალინი, ორჯონიკიძე და კიროვი სათავეში ჩაუდგნენ ბლშევიკური რუსეთის ჯარის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობას. ქართული მთავრობა ჟორდანიას თაოსნობით საფრანგეთში იქნა ევაკუირებული და საქართველოში საბჭოთა მმართველობა დამყარდა. ქვეყანაში დღესაც კარგად ახსოვთ, ვინ და რამ დაიპყრო საქართველო 1921-ში და დღემდე აქვთ შესაბამისი წყენა. რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდში ჩვენ ამის შესახებ არავინ გვიყვებოდა. მაგრამ როცა საბჭოთა მმართველობა დასრულდა და საქართველომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მას არცთუ რუსეთის მონაწილეობის გარეშე კვლავ ელოდა ომები...

რა გასაკვირია, რომ დღეს საქართველოში რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება არავის სურს?! რუსეთის რიგითი მოქალაქეების მიმართ ქართველების დამოკიდებულებაზე ნათლად მეტყველებს ის, თუ როგორ ეხმარებიან ისინი რუსეთიდან რელოკანტებს, რომლებიც "ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყანაში ათიათასობით შეუშვა. მაგრამ პოლიტიკურად რუსეთის, რუსული სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიის (რაც ერთი და იგივეა) მიმართ დამოკიდებულება ბევრს საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, გრილი აქვს. ამდენად, როცა ახლა საქართველოში მოულოდნელად უცხოეთის აგენტების შესახებ წმინდად რუსული ყაიდის კანონის მიღება განიზრახეს, საზოგადოება, ბუნებრივია, ყალყზე დადგა.

და ჩვენ ვნახეთ, როგორ ხდება ეს: მთავარი, რაც ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ და მათ შორის რუსეთმა იხილა, ისაა, რომ თურმე, არსებობენ ქვეყნები, რომლებშიც მოქალაქეებს ხმის უფლება აქვთ - იმის მიუხედავადაც კი, რომ პარლამენტიც ივანიშვილის მიერაა ნაყიდი, მთავრობაც მისია და პრეზიდენტიც მასზეა დამოკიდებული... ხალხი გამოვიდა და აიძულა პოლიტიკოსებს, ხმა ჩაეგდოთ, უკან დაეხიათ და თუნდაც დროებით მოსულიყვნენ გონს! ... და ეს ის მაგალითია, რომელსაც ცეროდენა საქართველო დღეს რუსეთს გვაძლევს" - ამბობს ჟურნალისტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები