
ახალგაზრდების „მიზანში“ ამოღება იმთავითვე წაგებული თამაშია, არც იმ კაცს ექნება კარგად საქმე – ძაბირაძე
16/03/2023 10:14:35 კომენტარი
სტრატეგია, რომ „მიზანში“ ამოიღო ახალგაზრდობა, იმთავითვე წაგებისთვის განწირული თამაშია,– ასე ეხმიანება „აქცენტთან“ პოლიტიკის მიმომხილველი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი გუნდის წევრების თავდასხმებს 7–8–9 მარტის აქციების ძირითად ბირთვად ქცეულ თაობაზე – მოზარდებზე, სტუდენტებზე.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ილია ჭავჭავაძეს აჯობეს ნოე ჟორდანიამ და ფილიპე მახარაძემ, იმიტომ, რომ ეს იყო ახალი თაობა – „მესამე დასი“ შეიქმნა და ჭავჭავაძის მიერ წლების განმავლობაში რუდუნებით ნაშენები „ჩაყარეს“ წყალში. ცხადია, დღევანდელ ახალგაზრდებსა და „მესამე დასს“ შორის პარალელს არ ვავლებ, უბრალოდ მაგალითისთვის მომყავს. უამრავჯერ იყო მცდელობა, როდესაც უფროსი თაობა მოძღვრავს ახალგაზრდობას, მაგრამ ეს ფუჭი თამაშია! ახალგაზრდების ამგვარი გამოსვლა არასდროს ყოფილა, ეროვნული მოძრაობის დროსაც კი. დიახ, მაშინ უნივერსიტეტი აქტიურობდა, მაგრამ მაშინ ეროვნულ მოძრაობას ჰყავდა ლიდერთა ჯგუფი – ყოფილი დისიდენტები და ა.შ. ახალგაზრდებისთვის ისინი იყვნენ ორიენტირი, ამიტომაც აქტიურობდნენ. დღეს ხელისუფლება ახალგაზრდებისთვის ორიენტირი არ არის და ვერასდროს იქნება! რაც მეტად იმუშავებს „ქართული ოცნება“ იმ მიმართულებით, რომ ახალგაზრდებს „ასწავლოს ჭკუა“, მით უფრო დააჩქარებს „ისტორიულ სანაგვეზე“ აღმოჩენის დღეს. მით უფრო, როდესაც ეუბნებიან, „შეცდით“, „ვიღაცას დაუჯერეთ“ – ამას ახალგაზრდები შეურაცხყოფად აღიქვამენ. ამას ემატება კიდევ ერთი კანონზომიერება: როდესაც ხელისუფლებას მოსახლეობაში საყრდენი არ აქვს და მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების იმედადაა, შეცდომებს უშვებს და ამას ჩვენი უახლესი ისტორიაც გვასწავლის“,– დარწმუნებულია ძაბირაძე.
მისი დაკვირვებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა შეცდომები და მისი გამოსწორება პრაქტიკულად, შეუძლებელია. მას ძნელად წარმოუდგენია რესურსი, რომლითაც „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას:
„გასაგებია, რომ ამჟამად იმედს შესაძლოა, დაშინებაზე ამყარებდნენ, მაგრამ ეს ეტაპი ყველამ გავიარეთ და არ მუშაობს. იმ ასაკში, რა ასაკის ხალხიც გამოვიდა ქუჩაში (დაახლოებით, 17–დან 25–წლამდე), მშობლის ფაქტორი 100–დან ერთში თუ მუშაობს. ხელისუფლებას შესაძლოა, მართლა ჰქონია, რომ ვიღაცამ მოატყუა ეს ხალხი და ისე გამოიყვანა რუსთაველზე და აქაა ფუნდამენტური შეცდომა, როდესაც ახალგაზრდებთან იწყებ ურთიერთობას! ახალგაზრდებს გულწრფელად სჯერათ, რომ საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან და მათ არ აქვთ რუსეთის ნოსტალგია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ვიცით, რომ დღევანდელი მმართველი ელიტის 90%–ის ოჯახების მომავალი სწორედ დასავლეთთანაა დაკავშირებული – ივანიშვილის შვილებიც დასავლეთში ცხოვრობენ, ირაკლი კობახიძეს სწორედ გერმანიაში აქვს კარგი განათლება მიღებული, რომელსაც ცუდად იყენებს... და ამ პირობებში როდესაც შენ ახალგაზრდებს ეუბნები, „ევროკავშირი გვატყუებსო“, უკაცრავად, მთელი ცხოვრება იქ გაატარე, ყველა საჭიროებაზე იქ გარბიხარ და მე მტოვებ მოსკოვთან?! ამას ხედავს ახალგაზრდობა. და ვის უპირისპირდები? მექსიკაში ჩასასვლელად ადამიანები ვალებს იღებენ, იხდიან ვეებერთელა ფულს, რომ იქიდან ამერიკაში ჩავიდნენ, შენ კი მათ ეუბნები, „ამერიკა მტერიაო!“, ეს არა თუ არ, ძალიან ცუდად მუშაობს!“.
ძაბირაძე იმედს იტოვებს, რომ მმართველ გუნდს თვითგადარჩენის ინსტინქტი უბიძგებს საღი აზრისკენ, საღ აზრს კი ის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 წინაპირობის შესრულებასა და საზოგადოების დაყოფაზე უარის თქმაში ხედავს:
„მათი მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ არც ის მინდა, ხელისუფლება უცებ ჩამოიშალოს, რადგან ამასაც თავისი ნეგატიური შედეგები მოაქვს. რევოლუციით ან რევოლუციურ მდგომარეობასთან მიახლოებული ვითარებით მოსული ხელისუფლება ყოველთვის ადგებოდა ავტორიტარიზმის გზას – ეს გვანახა ჩვენმა წარსულმა. იმედი მაქვს, თვითგადარჩენის ინსტინქტი (არა მხოლოდ პოლიტიკურად) უბიძგებთ საღი აზრისკენ, რადგან ძალიან მძიმე ვითარებაა! ღმერთმა ნუ ქნას, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს! არადა, ჩნდებიან ჯგუფები (მმართველი გუნდის მიერ წახალისებული). თუ გახსოვთ 90–იანი წლები, სწორედ ასეთი ჯგუფების დაპირისპირება გადაიზარდა პროცესებში, რომელიც შემდეგ უკვე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან იყო მართული! მაშინაც საკმაოდ დიდი დოზით იყო „მეხუთე კოლონა“ როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, ხოლო ის ძალები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ, უმცირესობაში აღმოჩნდნენ. იგივე სცენარის განვითარების ხიფათს ვხედავ, ამიტომაც ვამბობ, რომ ფრთხილად უნდა იყოს ხელისუფლება – თუ სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ მოხდა ცვლილება, მათი პოლიტიკური ასპარეზიდან მშვიდობიანად წასვლა ვერ მოხერხდება, და ძალაუფლების კი არა, შესაძლოა, სიცოცხლის გადარჩენაზე მოუწიოთ ფიქრი – პროცესი კონტროლიდან რომ გადის, მის დარეგულირებას წლები სჭირდება და ესეც ჩვენი უახლოესი ისტორიაა! იმ კაცსაც [„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი – რედ], სადღაც რომ არის, მინდა, ვუთხრა, რომ არ ექნება კარგად საქმე. იმედი მაქვს, რომ მას ყველაზე სწორად შეუძლია პროცესის აღქმა. ვფიქრობ, ამ მეტ–ნაკლებად სტაბილურ ვითარებაში შეეცდება, შედარებით რბილი გამოსავლები მოძებნოს. ის მანამდე ვითარების განმუხტვას კი ახერხებდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ იწყებდა ჭანჭიკების მოჭერას. მან უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს მინიმუმ, ჭანჭიკებია შესაცვლელი – გუნდი უნდა გადაახალისოს და შეცვალოს მეთოდები (ამ სახეებს ძლიერ უარყოფითი კაპიტალი დაუგროვდათ)“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021