16-03-2023 21:47:06 ევროპა
დასავლეთი უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებლების გადაცემას განიხილავს.
პოლონეთის მიერ კიევისთვის "მიგ-29" გამანადგურებლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ “გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია, არის უკრაინის მხრიდან თხოვნა, და ესაა, რასაც მოკავშირე ქვეყნების წრეში განვიხილავთ. ამიტომ კი, ეს არის ის, რასაც ჩვენ მოკავშირეებთან განვიხილავთ და ეს არის ის, რაც, როგორც მე ვიცი, მოკავშირეების ჯგუფში განიხილება”.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ დანია ასევე განიხილავს უკრაინისთვის საკუთარი თვითმფრინავების გადაცემას:
“რამდენიმე სხვადასხვა ასპექტს განვიხილავთ და ამ საკითხში ძალიან, ძალიან მჭიდრო დიალოგში ვიმყოფებით ჩვენს მოკავშირეებთან”.
დანიის საჰაერო ძალები ამჟამად F-16 გამანადგურებლებს იყენებენ, მაგრამ უკვე 2023 წლის შემოდგომიდან იგეგმება მათი უფრო თანამედროვე – F-35-ებით ჩანაცვლება.
იხილეთ ასევე: ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან ზეწოლას ზრდიან პენტაგონზე, გაგზავნოს უკრაინაში F-16-ები
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი უკრაინას მიგ–29–ის ტიპის 10 გამანადგურებლიდან ოთხს უახლოეს დღეებში გადასცემს.
„უახლოეს დღეებში 4 თვითმფრინავს გადავცემთ. დანარჩენებს კი წლის ანმავლობაში ჩავაბარებთ ეტაპობრივად“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელი იური იგნატი თვლის, რომ საბჭოთა წარმოების გამანადგურებლების გადაცემა "სერიოზული დახმარება" იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს განსაკუთრებულ ცვლილებებს მოიტანს ფრონტზე.
„დიახ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დახმარებაა. ეს არის ჩვენი ტაქტიკური ავიაციის შესაძლებლობების ზრდა. მაგრამ იმ რადარით და ამჟამად მომუშავე იარაღებით, ის რჩება ისეთი, როგორიც არის. იმისთვის, რომ ჰაერში უპირატესობა მივიღოთ, სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმაა საჭირო, ამისათვის გვჭირდება მრავალფუნქციური თანამედროვე თვითმფრინავი“, - თქვა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
ამასთან, იგნატის თქმით, საბჭოთა გამანადგურებლებმა, რომლებიც შესაძლოა უკრაინას მიეწოდოს, „გარკვეული მოდერნიზება “ გაიარეს.
პოლონური მიგ-29-ების შესახებ დისკუსია უკვე გასულ წელს წამოიჭრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე. პოლონელი სამხედრო ექსპერტების აზრით, ამ ტიპის 30-მდე თვითმფრინავი ჯერ კიდევ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ ქვეყანას ემსახურება.