16-03-2023 22:01:22 ევროპა
რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის მრავალი დარღვევა ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, – ნათქვამია დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის მოხსენებაში, რომელიც 16 მარტს გამოქვეყნდა.
ანგარიშის მიხედვით, კომისიის წევრებმა მოინახულეს 56 დასახლებული პუნქტი, გამოკითხეს 348 ქალი და 247 მამაკაცი, „დაათვალიერეს ნგრევის ადგილები, სამარხები, დაკავებისა და წამების ოთახები, აგრეთვე იარაღის ნარჩენები და გაეცნენ დიდი რაოდენობით დოკუმენტურ მასალას“.
„ომის დანაშაულები მოიცავს თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განზრახ მკვლელობებს,თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, გაუპატიურებას და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს, ბავშვების უკანონო გადაყვანას და დეპორტაციას“, – ნათქვამია ანგარიშის შესახებ მომზადებულ პრესრელიზში.
დოკუმენტში კომისიას მოჰყავს რუსეთის ჯარების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალური ძალადობის, მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, რუსეთში უკანონო გადაყვანის დადგენილი ფაქტები.
გარდა ამისა, ანგარიშის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გასულ შემოდგომაზე დაწყებულ თავდასხმებზე.
„კომისიამ დაადგინა, რომ 2022 წლის 10 ოქტომბრიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სერიული თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და რუსეთის ხელისუფლების მიერ წამების გამოყენება შეიძლება გაიგივებულ იქნას იყოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან“, - ნათქვამია ანგარიშში.
კომისია დანაშაულის ფაქტების გამოძიების და დამნაშავეების პასუხისგებაში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მიცემის რეკომენდაციით გამოდის.
მოსკოვი უარყოფს მიზანმიმართულ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მიუხედავად მტკიცებულებებისა.