18-03-2023 14:54:51 მსოფლიო
იანკებო, ხელები შორს პუტინისგან! ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეზე მეტყველებს: დასავლეთი ისტერიკაშია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მისი მტკიცებით, ჰააგის სასამართლოს დოკუმენტები რუსეთს არ ეხება და რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს ესმით, რომ „თუ არის პუტინი, არის რუსეთი“ და ამიტომაც „თავს ესხმიან მას“.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ“, - განაცხადა ვოლოდინმა.
კრემლში აღმაშფოთებელი უწოდეს გადაწყვეტილებას.
„საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია. რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთისთვის სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. რომლის განცხადება ეფუძნება იმას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, ეჭვმიტანილი პირები დააკავოს და თავისი იურისდიქციის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს სასამართლოსთან ხელშეკრულებას. რუსეთს ხელი არ მოუწერია ასეთ დოკუმენტზე და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ექსტრადიციას გაუკეთებენ. მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება რუსეთის ლიდერს მოგზაურობა შეუზღუდოს.
იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ:
„რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე არ არის და არ ეკისრება ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და საერთაშორისო სასამართლოსგან მომდინარე დაკავების შესაძლო „რეცეპტები“, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“.
რუსეთის ოპოზიცია კი მიესალმა გადაწყვეტილებას. საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ახლო თანამებრძოლი, ივან ჟდანოვი "ტვიტერზე" წერს, რომ ეს არის „სიმბოლური ნაბიჯი, მაგრამ ასე მნიშვნელოვანი!“.
„ვულოცავ ვლადიმიირ ვლადიმირის ძეს დაუსწრებლად დაპატიმრებას. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, - დაწერა "ტვიტერზე" კრემლის ოპონენტმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელმაც ათი წელი გატარა რუსეთში საპატიმროში.
„დაამწყვდიეთ!“ - დაწერა "ტვიტერზე" რუსმა აქტივისტმა, საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა ვლადიმირ მილოვმა.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. საქმე უკრაინიდან ბავშვების გატაცებას ეხება.
ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, "ვერ დავუშვებთ, მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს".
უკრაინაში გადაწყვეტილებას მიესალმნენ და თქვეს, რომ ეს "მხოლოდ დასაწყისია".