დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა

19-03-2023 14:24:14 საზოგადოება

„ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ხუნდაძის სიძე მირიან ოქროპირიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად წავიდა, – ამის შესახებ ცნობილი გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათიდან” გახდა.

ამ ინფორმაციას სიუჟეტში ადასტურებენ როგორც მირიან ოქროპირიძის დედა, ასევე დიმიტრი ხუნდაძის შვილი თიკა ხუნდაძე.

„ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თავად გადაწყვიტა… არ ჰქონია [ვიზა], ისე წავიდა”, – ამბობს ოქროპირიძის დედა.

თიკა ხუნდაძე ამბობს, რომ ოჯახი, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე ოქროპირიძის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

„[ვიზა] არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი რით [რა გზით] წავიდა, მაგრამ ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა ჩვენი პირადი ცხოვრებაა.

ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. მეც, მთელი ჩემი ოჯახი, მამაჩემიც არის ძალიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაეტოვებინა საკმაოდ სოლიდური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში”, – თიკა ხუნდაძე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-ში წასვლამდე დიმიტრი ხუნდაძის სიძე ქვემო ქართლის სატყეო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები