
აფხაზეთის დელეგაცია ავღანეთსა და ლიბანში გაემგზავრა
20/03/2023 11:59:10 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების დელეგაცია ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა. ვიზიტების მიზნად სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, აფხაზური სავაჭრო სახლების დაფუძნება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კონტაქტების დამყარება სახელდება.
მანამდე დე ფაქტო მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "ახლო აღმოსავლეთი აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სირიასთან, ავღანეთსა და ლიბანთან, მაგრამ საქართველო აფხაზეთის საგარეო კონტაქტების ბლოკირებას ცდილობს".
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთი ამ დრომდე არც ავღანეთს ჰყავს აღიარებული, არც ლიბანს.
ცნობისთვის: თებერვალში აფხაზეთს რუსეთში ავღანეთის (თალიბების მთავრობის) საელჩოს დელეგაცია სტუმრობდა. მაშინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა "რეგიონული უსაფრთხოების თემები, ავღანეთში არსებული ჰუმანიტარული ვითარება, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან აფხაზეთის თანამშრომლობის გარღმავების საკითხები" განიხილეს.