რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე

20-03-2023 19:09:37 პოლიტიკა

რუსეთი კვლავ აქცენტირებს რეგიონული თანამშრომლობის ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსებული პლატფორმაზე, რომელიც ანტიდასავლური კოალიციის შექმნის მცდელობად განიხილება და რომელმაც 2021 წელს „3+3“–ის ნაცვლად „3+2“ფორმატში აიღო სტარტი.

საქართველომ ჯერ კიდევ 2020 წელს განაცხადა უარი ფორმატში ჩართვაზე რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი ამბობს, რომ „ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში შემოერთებაზე“.

„თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე", - განაცხადა ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ „დასავლეთი აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება“:

„დასავლეთი ცდილობს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სერვისები მოახვიოს სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას. ამგვარად, ის თავის პრეტენზიას აცხადებს - განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, თავისი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ლეგიტიმურ ინტერესებს“.

მისი თქმით, ამ გეოპოლიტიკურ გეგმებთან ერთად, დასავლეთი ფინანსურად უჭერს მხარს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ეწევიან საქმიანობას, რაც ახალი „ფერადი რევოლუციისთვის“ მზადებას უკავშირდება და ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია. იგივე პროპაგანდისტულ გზავნილებს მიმართავენ ხოლმე საქართვლოს მმართველი გუნდის წევრებიც:

„ისინი საუბრობენ საჯაროდ, იცავენ დასავლეთის ინტერესებს, ცდილობენ იგივე რუსეთის, ირანის ქმედებების დისკრედიტაციას. ამიტომ, ახლა ვერ ვხედავ რაიმე შესაძლებლობას და აუცილებლობას დიალოგის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაზე, ისევე როგორც ბევრ სხვაზე, ისევე როგორც საერთაშორისო, რეგიონული დღის წესრიგის საკითხები“.

იხილეთ ასევე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები