Accentnews.ge
„ჩინეთის კოლონია ვხდებით“: სი ძინპინი მოსკოვში და მოლოდინები

„ჩინეთის კოლონია ვხდებით“: სი ძინპინი მოსკოვში და მოლოდინები

21/03/2023 11:03:09 კომენტარი

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის საკმაოდ ხანგრძლივი – სამდღიანი ვიზიტი რუსეთში და დაანონსებული მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, აქტიური განხილვის საგნად იქცა პროცესზე დამკვირვებელთა მხრიდან, მით უფრო, რომ მზარდია შეშფოთება პეკინის მხრიდან მოსკოვისთვის ლეტალური იარაღის შესაძლო მიწოდების ირგვლივ.

ბევრი კომენტატორი თანხმდება, რომ რუსეთის ამჟამინდელი მდგომარეობა – ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდა, სწორედ რომ პეკინის „წისქვილზე“ ასხამს წყალს, ვინაიდან, ამ უკანასკნელს გზას უხსნის სანქციების გამო გაიაფებული რუსული რესურსებისკენ. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ ჩინური დახმარების მოცულობის პერსპექტივასაც. როგორც ჩანს, ეს ესმით მოსკოვშიც.

„მოვლენების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ჩვენ სრულად ვიქცევით ჩინეთის რესურსულ კოლონიად“, - განუცხადა Financial Times-ს კრემლთან დაახლოებულმა პირმა– “ ჩვენი სერვერები იქნება Huawei-სგან. ჩინეთი გაზს „ციმბირის ძალის“ მეშვეობით მიიღებს. 2023 წლის ბოლოსთვის იუანი იქნება ჩვენი მთავარი ვალუტა საერთაშორისო ვაჭრობაში“.

მისი თქმით, მოსკოვი ჩინეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას კრიტიკულად მიიჩნევს ომში გამარჯვებისთვის: ჩინეთის დახმარება ეხმარება მას დასავლეთის სანქციების უარყოფით შედეგების შემცირებაში, ხოლო რუსული ბუნებრივი რესურსების მარაგი უზრუნველყოფს პეკინის მუდმივ მხარდაჭერას.

„მკაფიოდ ჩანს, რომ ამ ვიზიტს ჩინეთი უყურებს როგორც რიგით ღონისძიებას, ხოლო რუსეთი, როგორც სახელმწიფოებრივ მოვლენას. მეორე, ყურადღება მიაქციეთ, როგორ ვითარდება მოვლენები და ვითარდება იმგვარად, რომ არავითარ მრავალპოლარულ სამყაროზე, რაზეც წლებია, პუტინი საუბრობს, საუბარი არც იქნება. თავისი ქცევით რუსეთის პრეზიდენტი დემონსტრირებს უკიდურეს დამოკიდებულებას ჩინეთზე, მის წინაშე ქედის მოხრას.იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ჩინეთი განხილვის სტადიაშია, მიაწოდოს თუ არა იარაღი და საბრძოლო მასალა რუსეთს და დაეხმაროს იარაღის წარმოებაში. მგონია, რომ ამ კუთხით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. მაგრამ თუ დაეხმარება, დაეხმარება იმ ფარგლებში, რომ რუსეთი ბოლომდე არ დამარცხდეს უკრაინაში და ვერც გაიმარჯვოს: უნდა გვესმოდეს, რომ ჩინეთს ამჟამინდელი რუსეთი ძალიანაც აწყობს – ღრმავდება მასზე დამოკიდებულება, ეს კი ნიშნავს იაფ რესურსებს. ამდენად, თუ იქნება სამხედრო დახმარება, იქნება დოზირებული და არა სრულფასოვანი, რომ რაც ხელს შეუწყობდა კრემლის გამარჯვებას“,– დარწმუნებულია სამხედრო–პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრე მუსიენკო და განაგრძობს, „სი ძინპინი სტატიაში, რომელიც მან მოსკოვში ვიზიტამდე რუსულ მედიაში გამოაქვეყნა, აქცენტირებს, რომ ჩინეთი არაა დაინტერესებული დასავლეთთან კონფრონტაციით, ამავდროულად, ის მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას სხვაგვარად ხედავს, ამბობს, რომ „უნდა შეამჩნიონ სხვა ქვეყნები“ და მიანიშნებს არა რუსეთზე, არამედ ჩინეთზე. ბევრი ასპექტი მიუთითებს, რომ პეკინს ამჟამინდელი ვითარება აწყობს, მაგრამ არის თუ არა მზად შეეგუოს ომის წლობით გაჭიანურებას, როდესაც რუსეთი სუსტდება და მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ევროპაა, ძალიან საეჭვოა“.

ლაიფციგის უნივერსიტეტის ექსპერტი ჩინეთის საკითხებში ალექსი ჩიგადაევის იზიარებს შეფასებას პეკინის ინტერესების შესახებ:

„ჯერ ჩინეთი არ ახორციელებს იმგვარ მიწოდებას რუსეთში, რომელიც კრიტიკული იქნებოდა. ჩინეთის რეჟიმისთვის ხელსაყრელია რუსეთის რეჟიმისთვის იმგვარი დახმარების გაწევა, რომ მან არ წააგოს და ეს მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოუწევს რთული თამაშის გადაწყობა გაზის, ნავთობის და სხვა რესურსების კუთხით. ეს მართაც რთულია, ან რაში სჭირდება, როდესაც ჰყავს ძველი ავტორიტარი მეგობარი, რომელთანაც ბევრად უფრო მარტივია. უცებ, რომ თქვას რუსეთის პარლამენტმა, „კურსს ვაბრუნებთ დასავლეთისკენ ან ვხდებით აშშ–ის პარტნიორიო“, ეს საშინელი სიზმარია ჩინეთისთვის“.

ალექსანდრე მუსიენკო ფიქრობს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აშშ–ისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბარზე, მანამდე კი მოელის, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას:

„ვფიქრობ, რომ სი ძინპინი აუცილებლად გაიმეორებს, რაც აშშ–ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე. აქ კი პუტინი რთულ მდგომარეობაშია, რადგან იძულებულია, მიიღოს შესაბამისი დეკლარაცია“.

რაც შეეხება ჩინურ ე.წ. სამშვიდობო გეგმას, რომელიც ბევრმა ბევრმა შეაფასა ზოგადი სურვილების კრებულად და არა კონკრეტულ ფორმულად, ალექსანდრე მუსიენკო ფიქრობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე ჩინეთმა დაინტერესების დემონსტრირება მოახდინა. მართალია, ეს ზოგადი წინადადებებია, „მაგრამ მისი განხილვა შესაძლებელია“:

„მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კარგი „ქეისი“ მიიღო საუდის არაბეთისა და ირანის დიპლომატიურ კრიზისში შუამავლის როლის თამაშით, ვფიქრობ, ის მზადაა, კიდევ უფრო შორს წავიდეს. მაგრამ აქ ბევრი იქნება დამოკიდებული აშშ–სთან მის ურთიერთობებზე, სადაც ბევრი რამ არაა გადაწყვეტილი“.

ალექსი ჩიგადაევიც თვლის, რომ რომ ჩინეთი დასავლეთთან ვაჭრობს:

„უპირველესად, ყოველგვარი კონსპიროლოგიის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ჩინეთი რამეს აკეთებს, აკეთებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ სი ძინპინის ვიზიტიც. ეს გზავნილია ჩინეთის მხრიდან თავისი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, „ჩამოვედი მოსკოვში, გავმართავ მოლაპარაკებებს ბატონ ზელენსკისთან, შემიძლია, წარმატებულად მივიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფლიქტებში და წარმატებულად ვმართო კიდეც ისინი“. ვფიქრობ, აუცილებლად განიხილავდა კრიზისის გადაჭრის გეგმას მოსკოვში, რადგან ამ რანგის ვიზიტები მომზადებული დოკუმენტების გარეშე არ დგება, და ეს იქნება გზავნილი დასავლეთისთვის, „თუ გინდათ მოლაპარაკება, თუ გინდათ, ჩინეთი მონაწილეობდეს ამ მოლაპარაკებებში, მოდით, ვივაჭროთ“. ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც შეფასდა როგორც „ყველაფერი კარგი ყველაფერ ცუდის წინააღმდეგ“, თითქოს არავინ მიიღო, მაგრამ გავიდა რამდენიმე კვირა და პუტინი ამბობს, რომ „კარგი გეგმაა და მასზე მუშაობა შეიძლება“, ხოლო უკრაინა ამბობს, რომ „ჩინეთი ძლიერი საერთაშორისო მოთამაშეა და მისი აზრი მნიშვნელოვანია“, რადგან ყველას ესმის, რომ ჩინეთთან რაიმეზე შეთანხმების მცდელობა შესაძლებელია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S