„ვივამედმა" შესაძლოა, კლინიკაში სააკაშვილის დაყოვნების მიზანშეწონილობის შეფასება მოითხოვოს

22-03-2023 20:05:25 პოლიტიკა ,საზოგადოება

„ვივამედი" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო თვის განმავლობაში სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე.

„შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში", - აცხადებს სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ ადმინისტრაცია.

კლინიკა ასევე აღნიშნავს, რომ "პაციენტს კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად".

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად ხერხდებოდა და სახეზე იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება. გასული ოქტომბრის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ, ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება, მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები