იოსელიანი: "არ მინდა, სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს რაიმე ტიპის ქმედება, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა უფრო დაამძიმოს"

23-03-2023 18:38:09 საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არაა ინფორმირებული, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში უპირებენ გადაყვანას თუ სხვა სამოქალაქო კლინიკაში და აღნიშნავს, რომ მას არ სურს, სააკაშვილის მიმართ „ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელმაც შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს.“

„რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას, არ ვიცი განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მის ციხეში დაბრუნებას. შეიძლება, საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. როგორც ვიცი, სახალხო დამცველმა პოზიცია დააფიქსირა, რომ ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რომელმაც შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს. სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა - თუ სად მოხდება, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს შეიძლება, მათ შორის განხილული იყოს.

პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი იქნება და ამ აზრზე არიან ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრები, რამდენიმე მათგანი, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს. ის სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა დარჩეს. უახლოეს მომავალში აღარ ვგეგმავ მის მონახულებას, რადგან ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას, რომ ისევ მე შევიდე. უფრო მნიშვნელოვანია, ის ადამიანები შევიდნენ, ვინც მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგს ახდენენ.

პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება ან რა კომუნიკაცია არსებობს მთავრობასა და ამ ჯგუფს შორის. მომხრე ვარ, რომ სხვა ქვეყნიდან პოლონეთიდან იქნება თუ სხვა ქვეყნიდან ექიმები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მისი მდგომარეობით მიეცეთ საშუალება, რომ მივიდნენ და მოინახულონ“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მონახულებასთან დაკავშირებით სრული თავისუფლება ექნება და კონსილიუმი სააკაშვილის მონახულებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„[მიხეილ სააკაშვილის] ადვოკატის ვიზიტი დაუგეგმავი იყო. მთელი დღე გაწერილი მაქვს და მასთან ფიზიკურად შეხვედრას ვერ შევძლებ, მაგრამ მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე და ისინი აუცილებლად შეხვდებიან. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილს შევხდი. ასევე, მე გიული ალასანიასაც შევხდი, მასაც კლინიკა „ვივამედში“ ვესაუბრე. აგრეთვე, კლინიკა „ვივამედიდან“ გამოთხოვილი იყო და ვთხოვე დროულად გამოეგზავნათ დოკუმენტაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ეს დოკუმენტაცია 20 მარტს მივიღეთ და იმავე დღეს დოკუმენტაცია კონსილიუმთან გადავაგზავნეთ. ასევე, ორი დღის წინ კონსილიუმის წევრებთან შეხვედრა გავმართე და მათაც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი პოზიცია, რომ არანაირი ტიპის ხელის შეშლა, პირიქით ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ, რომ მათი საქმიანობა გააგრძელონ. როგორც ცნობილია, ისინი უახლოეს პერიოდში კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ“, - აღნიშნა იოსელიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები