„ოცნების“ წევრი დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

24-03-2023 18:08:40 პოლიტიკა

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, სხდომის დასრულების შემდეგ, დერეფანში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდნენ.

ისინი გუბაზ სანიკიძეს კიბეებზე დაედევნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და შოთა ხაბარელი.

დაპირისპირებას წინ უძღოდა სხდომათ დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილსა და გუბაზ სანიკიძეს შორის შელაპარაკება. ირაკლი ღარიბაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „სულგაყიდული და არაკაცი“ უწოდა. მანამდე, სანიკიძემ ღარიბაშვილს უთხრა, რომ პრემიერი მისი განცხადებებით ცეცხლს ეთამაშება.

"თქვენ თქვენი განცხადებებით ცეცხლს ეთამაშებით. ამბობთ, რომ უკრაინა, სააკაშვილი და ევროკავშირი აქ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა ამ გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით? მე ვიცი, რომ იურისტი ხართ, შეიძლება ვცდები და არ ხართ. რომ ამბობთ, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებისთვის ჩამოვიდაო, ეს გამოიძიეთ? საქმე აღძრულია ამ მიმართულებით? თქვენს პირად მომავალზე ფიქრობთ? საერთაშორისო სასამართლო როცა იქნება, შეიძლება იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. დაფიქრდით, როდესაც განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ არ გვაინტერესებს, ღამით რა გეზმანებათ თქვენ და ბიძინა ივანიშვილს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლება გზას აცდენილია, დასავლურ ორიენტაციაზე უარს ამბობს. ერთი ადამიანი რატომ არ გესარჩლებათ დასავლეთიდან?", – მიმართა სანიკიძემ ღარიბაშვილს.

მან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის როგორც ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, არც ქართული წესია, არც კავკასიური და არც ევროპული:

"არც ქართული წესია, არც კავკასიური და არც ევროპული, როგორც თქვენ მიხეილ სააკაშვილს ექცევით. აქ რომ ხართ ჩამწკრივებულები, არცერთი თქვენგანი არ მახსოვს იმ დროიდან, როდესაც მე მიშას ოპოზიციაში ვიყავი და მოსაკითხია, ვინ სად მუშაობდით. თქვენ მაშინაც გეშინოდათ მიხეილ სააკაშვილის და ახლაც გეშინიათ. სააკაშვილის გეშინიათ კიევში, თბილისში, გეშინიათ მაშინ, როცა ჯანმრთელია, გეშინიათ ციხეში. სააკაშვილს გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის. ეს თქვენი პრობლემაა, იმ კაცის პრობლემა კი არ არის".

მან მმართველ გუნდს მოუწოდა „გალობანი სინანულისანი“ წაიკითხონ:

"საერთოდ მოგიწოდებთ ყველას და განსაკუთრებით, თქვენ, ბატონო პრემიერო, მეტი თავმდაბლობა! თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია იჩემებს, რომ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები ხართ. გირჩევთ, ხანდახან „გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასა წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება და მოსმენა უყვარს. გირჩევთ, თქვენი სამაგიდო წიგნი გახდეს".

სანიკიძემ გამოსვლა ახალგაზრდების შესახებ პრემიერი განცხადების შეფასებით დაასრულა და შემდეგი განაცხადა:

"ამ ახალგაზრდებზე რომ ლაპარაკობთ, ერთი რამ გაითვალისწინეთ, მათ თქვენთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ და „გუშინ“-ს „ხვალისთვის“ არასოდეს მოუგია. ერთ რამეში დაგეთანხმებით,საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცათ, რადგან ხელისუფლება დროებითია, ხოლო ხალხი - მარადიული“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები