
თეოლოგი: „სამწუხაროდ, ჩვენი მღვდელმთავრების უმრავლესობა ეთანხმება რელიგიურ საფარველში შეფუთულ რუსულ პოლიტიკურ იდეოლოგიას“
27/03/2023 09:27:05 კომენტარი
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი დარწმუნებულია, რომ წერილის რეალური ავტორი, რომელშიც ილია II მსოფლიო პატრიარქს უკრაინის არაავტოკეფალური ეკლესიისთვის “დაძაბულობის განმუხტვას” სთხოვს, მოსაყდრე შიო და მისი ჯგუფია.
გამრეკელაშვილის ტექსტის ძირითად არსს შემდეგნაირად აყალიბებს:
- საქართველოს ეკლესია არ ცნობს კიევის ავტოკეფალიას;
- მხარს უჭერს მოსკოვის საპატრიარქოს;
- ომში, როდესაც ერის ბედი წყდება, ის თხოვნით მიმართავს საპატრიარქოს, ტერიტორია, რომელიც ეკუთვნის უკრაინულ სახელმწიფოს, მოსკოვის საპატრიარქოს გადაეცეს.
„თავად ტექსტი, მგონია, რომ შეთანხმებულია საქართველოს პატრიარქთან, მაგრამ მისი უშუალო ავტორი მოსაყდრე და მისი ჯგუფია. ტექსტი განსხვავებულია მათგან, რომლებიც იქმნებოდა უშუალოდ პატრიარქის მითითებით, მაგალითად, ეპისტოლეები, სადაც ბიბლიური ციტატები ყოველთვის ტექსტის დასაწყისში იყო მოცემული. ამ შემთხვევაში მსგავსი ციტატა ტექსტის ბოლოშია, ხოლო პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულია ასე ვთქვათ, პრაგმატული თხოვნა მსოფლიო პატრიარქისადმი. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე არ არის პატრიარქი, მაგრამ დიდწილად ინიციატივა ეკუთვნის მეუფე შიოს ჯგუფს. ეს ხალხი რუსეთის საპატრიარქოს დასაყრდენია, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლისათვის რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა და გააკეთებს მომავალშიც“,– ფიქრობს თეოლოგი.
მისი განმარტებით, შექმნილი სურათის აღსაქმელად უნდა გესმოდეს შემდეგი გარემოება:
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ რაციონალური გადასახედიდან ვაანალიზებთ და ეს ჩვენს ენაზე ნიშნავს, რომ სუვერენულ სახელმწიფოს თავს ესხმის ოკუპანტი ქვეყანა და ცდილობს მის დაპყრობას, მაგრამ რელიგიური თვალთახედვით (ამ ხედვის კონსტრუირებას რუსეთი ათწლეულებია ცდილობს), ეს არის აპოკალიფსური ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის – უკრაინა არმაგედონის ველია, სადაც „წმინდა“ რუსეთი და მართლმადიდებლობა ებრძვის „სატანური“ დასავლეთის გავლენას“,– ამბობს გამრეკელაშვილი და იქვე წუხილით დასძენს, რომ ქართველი „მღვდელმთავრების, სინოდის წევრების უმრავლესობა ეთანხმება ამ რელიგიურ საფარველში შეფუთულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. „მეტიც, მისი გულწრფელად სწამთ“:
„აქ კიევ–პეჩერის ლავრის საკითხი ერთ–ერთი ცენტრალურია. ყველა რელიგიაშია ეს ერთის მხრივ ირაციონალური კომპონენტი (ჩვენს შემთხვევაში ეს ბერი გაბრიელის საფლავია), რომელიც მას კვებავს, მეორეს მხრივ – ისტორიულ–კულტურული მეხსიერების ტოპოსი(ეს ჩვენს შემთხვევაში სვეტიცხოველია). უკრაინაში მიმდინარეობს საინტერესო პროცესი: ერი განიცდის კონსოლიდაციის ახალ ეტაპს, საკუთარი იდენტობის გადატვირთვას ახორციელებს და მნიშვნელოვანია, კულტურული მეხსიერების ეს ადგილი ეკუთვნოდეს უკრაინელ ხალხს. გადაწყვეტილებით, რომელსაც ჩვენი სასულიერო პირები უკანონოს უწოდებენ, ეს პროცესი გავლილია. არ მესმის, რას ეყრდნობიან ჩვენი სასულიერო პირები, როდესაც მსგავს განცხადებას აკეთებენ. ის, რომ სვეტიცხოველი ეკუთვნის ქართველ ხალხს, რატომ არის უსამართლო?!“.
რაც შეეხება რიგ პირთა მოლოდინებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ქართული ეკლესია ბოლოს და ბოლოს აღიარებდა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიას, თეოლოგის ხედვით, ის ეფუძნებოდა ორ ფაქტორს:
- ჩვენ გვაერთიანებს ისტორიული გამოცდილება – უკრაინის ეკლესია გადის იმ გზას, რომელიც გაიარა საქართველოს ეკლესიამ;
- 2016 წელს საპატრიარქოს დელეგაცია აპირებდა კრეტას კრებაზე წასვლას, საიდანაც დღის წესრიგიდან მოსკოვის თხოვნით მოიხსნა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი.
თუმცა, როგორც თეოლოგი შენიშნავს, ამის შემდეგ იყო გარდატეხა: „საქართველოს ეკლესიამ უარი თქვა კრებაზე წასვლაზე და ძალიან მალე, საქართველოს საპატრიარქოში მოსაყდრედ დაინიშნა რუსეთში მოღვაწე მიტროპოლიტი შიო მუჯირი“.
მისი დასკვნით, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოლოდინი „ამ გარდატეხის შემდეგ სრულიად უსაფუძვლოა“.
***
უკრაინის ერთიანი, ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალია არ უღიარებია.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებამდე, მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა უკრაინაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის. კიევ-პეჩერის ლავრა, ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური კომპლექსი, ბოლო დრომდე სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის რეზიდენცია იყო.
გასული წლის ბოლოს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მინისტრთა კაბინეტს დაავალა, უმაღლეს რადას შესთავაზოს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 სასულიერო პირს მოქალაქეობა შეუჩერა.
კიევ-პეჩერის ლავრის ყოფილმა წინამძღოლმა ონოფრემ გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გაწყვეტის შესახებ მას შემდეგ, რაც მისმა ლიდერმა, პატრიარქმა კირილმა მხარი დაუჭირა რუსეთის ომს უკრაინაში. თუმცა კიევის მთავრობას არ სჯერა, რომ ეკლესიამ სრულად დაასრულა დამოკიდებულება მოსკოვის საპატრიარქოზე.
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებმა და მღვდლებმა უნდა გაათავისუფლონ კიევ-პეჩერის ლავრის ყველა შენობა 29 მარტამდე.
26 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა და გამოთქვა იმედი, რომ ის კიევ-პეჩერის ლავრის საკითხზე „დაძაბულობის განმუხტვას“.
წერილში ილია მეორე გულისტკივილს გამოხატავს რუსეთ-უკრაინის ომის და „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამო“:
„ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის. ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას“.
ილია მეორე ხაზს უსვამს ამჟამინდელი მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩერის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც:
„ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი — ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021