29-03-2023 18:47:28 კომენტარი
თითქმის ორი თვეა, უკრაინის ომში რუსეთიდან კონტრაქტის საფუძველზე წასული მარგარიტა რეაბილიტაციას გადის. დადის ფსიქოლოგთან, იღებს ძლიერ ანტიდეპრესანტებს, ცდილობს, დაივიწყოს რისი ნახვაც მოუხდა, თუმცა ვერ ახერხებს. ყველაზე მეტად მარგარიტას საკუთარ პოლკში დაბრუნება აშინებს, სადაც, მისი ნაამბობის მიხედვით, სამედიცინო ნაწილის ქალებს ოფიცრებთან სექსუალურ კავშირს მუქარის ქვეშ აიძულებენ.
ზოგჯერ მგონია, რომ ფანჯარასთან ვიღაც დადის, ან საგნები მოძრაობენ, ან ზემოდან მაწევს ვიღაც – აღწერს თავის მდგომარეობას მარგარიტა და განაგრძობს - გამუდმებული კოშმარული სიზმრები, პანიკური შეტევები. მითხრეს, გამოჯანმრთელებას ექვსი თვე სჭირდებაო. მარტო ვერ დავრჩები, მაგრამ როცა მარტო არ ვარ და რაღაცას ვაკეთებ, მაინც თვალწინ მაქვს მთელი ეს საშინელება.
მარგარიტას თქმით, ომში ყოფნისას ვერ ამჩნევდა საკუთარ თავში ცვლილებებს, მაგრამ რუსეთში დაბრუნებისას მიხვდა, რომ მისი ფსიქიკა სრულიად შერყეული ჰქონდა. თანაბარი ხმით ყვება ნანახსა და განცდილზე: ოფიცრების მიერ საკუთარი ჯარისკაცების მკვლელობაზე, მობილიზებულთა ბულინგზე, იძულებით სექსუალურ მომსახურეობაზე.
როგორ აღმოჩნდა ომში
მარგარიტა ყვება, რომ 2017 წელს, 11–წლიანისამხედრო სამსახურის შემდეგ გავიდა პენსიაზე და საცხოვრებლად ბელგოროდში გადავიდა, თუმცა 5 წლის განმავლობაში ვერ იპოვა ნორმალური სამსახური, ვერ შეეგუა სამოქალაქო ცხოვრებას და გადაწყვიტა კონტრაქტის კვლავ გაფორმება გასული წლის ზაფხულში.
„პროფესიით არ ამიყვანეს, სამედიცინო ნაწილში გამაფორმეს სანიტრად და ყველაფერი მოკლე დროში უნდა მესწავლა“,– ყვება ქალი.
მაგრამ მარგარიტა მაშინვე არ გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში. მისი თქმით, პოლკოვნიკმა, რომელსაც ის მოეწონა, შტაბში დანიშნა:
„როცა შტაბში მივედი სამუშაოდ და უფრო ახლოს დავიწყე განყოფილების ბიჭებთან ურთიერთობა, მითხრეს: "პოლკოვნიკმა თვალი დაგადგა. ალბათ, „საველე ცოლი იქნებიო". ვკითხე, ეს რას ნიშნავდა და მიპასუხეს: მომზადება, რეცხვა, მომსახურება“.
ერთი თვის შემდეგ, ფორმირებული პოლკი გაიგზავნა უკრაინაში. იქ მარგარიტა იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მაღალი თანამდებობის ოფიცრის მხრიდან შევიწროებას, რომელიც სულ უფრო და უფრო შეურაცხმყოფელი ხდებოდა, გადაარჩენდა დაჭრილებს, მაგრამ ნამდვილ კოშმარში აღმოჩნდა, სადაც მხოლოდ ერთი კანონი იყო ძალაში – პოლკოვნიკის სიტყვა. გააცნობიერა რა, რომ მარგარიტა ნებაყოფლობით არ აპირებდა „საველე ცოლობას“, მისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნა ბრძანა:
„როდესაც უკრაინაში ჩაედი და როგორც იქნება, გამანაწილეს სამედიცინო ნაწილში, მისმა მეთაურმა მითხრა, რომ პოლკანმა ჩემი სასტიკად დასჯა ბრძანა. ერთი თვე ქუჩაში ვცხოვრობდი. როცა დანარჩენები ღამეს კარვებსა და სახლებში ათენებდნენ, მე მიწაზე მეძინა, გზის პირას, პატარა ტყეში მინდვრის თაგვებთან ერთად. როცა გცივა, ვერ იძინებ. შეეძლოთ, მშიერიც დავეტოვებინე. უნდოდათ, გავტეხილიყავი, მაგრამ გადავრჩი და როდესაც ამას მიხვდა, მაშინვე მაშინვე არტილერიაში გადამისროლა, „წითელ ზონაში“, წინა ხაზზე. იქნებ ეგონა, რომ იქ მოვკვდებოდი“.
„რა მოხდება, თუ ორსული დავბრუნდები?“
მარგარიტა იხსენებს, რომ სამედიცინო ნაწილში მასთან ერთად 23-დან 38 წლამდე ასაკის შვიდი ქალი იმყოფებოდა და თითოეულის ოფიცრებისთვის განაწილებას ცდილობდნენ.
„ერთი დაზვერვისთვის, მეორე – ტანკისტისთვის, მესამე – ქვეითებისთვის. როდესაც იქ მივედით, რა თქმა უნდა, არავინ იცოდა, რა ხდებოდა. და როცა ყველაფერი გავიგეთ, უკან დასახევი გზა აღარ იყო. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ესროლა ოცეულის ოფიცერმა "თავის" გოგონას – სვეტლანას. სვამდნენ, არ ვიცი, იეჭვიანა თუ რა მოხდა, მაგრამ შემდეგ ისე მოაწყვეს, თითქოს ეს უკრაინელებმა გააკეთეს. საკუთარი თავი დაიჭრა მკლავში, ვითომ თავს იცავდა. სამი კვირის შემდეგ დაბრუნდა საავადმყოფოდან“.
ვიდრე ეს მოხდებოდა, ოცეულის მეთაური კონდახით სცემა სვეტლანას და მარგარიტა ამბობს, რომ ძალადობრივ აქტს მოწმეები ჰყავს. მარგარიტა ამბობს, რომ მომხდარმა აბსოლუტურ შოკში ჩააგდო.
მისი ნაამბობის მიხედვით, ყველა სამხედრო მოსამსახურე ქალი დაქორწინებული იყო, მაგრამ მხოლოდ სვეტლანამ უთხრა ქმარს, რომ მათ აიძულებდნენ ოფიცრებისთვის სექსუალური მომსახურეობის გაწევას.
„ფეხმძიმე რომ დავბრუნდე, მერე რა ვთქვაო? ქმარი ორი კვირის განმავლობაში არ ურეკავდა, შემდეგ დარეკა და უთხრა, რომ აპატია, რომ დაელოდება, „მთავარია, ცოცხალი დაბრუნდიო“. ამას ვეღარ გავუძელი, ვთქვი, რომ „არ გავჩუმდები!“, „თქვენ აქ თქვენიანებსვე აწამებთ!“. დივიზიის სამედიცინო ნაწილის უფროსი თანამშრომელი, ასევე ქალი, პოლკოვნიკი, აღშფოთებული იყო ამ ყველაფრით, მაგრამ ვერ გვიპოვა. ჩვენი ჯგუფი ყოველთვის ჯანდაბაში იყო - როცა დანარჩენები მიტოვებულ სახლებში ცხოვრობდნენ, ჩვენ –ტყეში. ჩვენამდე არც ერთი ჰუმანიტარული დახმარება არ მოსულა, თუმცა ბევრჯერ შევუკვეთე, ძალიან გვჭირდებოდა“.
შედეგად, თითქმის ყველა გოგონა მუქარით თუ ბულინგით, რაც ცხოვრებას აუტანელს ხდის, გატეხეს და აიძულეს სექსუალური მომსახურეობის გაწევა. ზოგიერთ მათგანს, მარგარიტას თქმით, რამდენიმე მამაკაცთან უწევდა ურთიერთობა:
„ერთხელ ერთმა ოფიცერმა მითხრა: „ალინკა [სამედიცინო ჯგუფის წევრი] გავყიდეთ, შენც გაგყიდეო!“.
ქალები არ ცდილობდნენ რუსეთში გაქცევას, რადგან საზღვრის გადაკვეთის უფლებას უბრალოდ არ აძლევდნენ, ამისთვის მარტივად შეეძლოთ დახვრეტა – ამბობს მარგარიტა.
„საკუთარი სამარე ამოთხარე“
სამხედრო მოსამსახურე მარგარიტა იხსენებს, რომ ოფიცრები სხვადასხვა გარემოებებში საკუთარ სამხედროებს ებრძოდნენ: ვისაც არ სურდა ფრონტზე გასვლა, უკვე აპრობირებულ მეთოდს იყენებდნენ – შიშველს ტოვებდნენ ცივ და ნესტიან სარდაფში ვირთხებთან ერთად. მაგრამ, თუ ეს არ ჭრიდა, პოლკოვნიკის პოლკის მეთაურის ქვეშევრდომებს ჰქონდათ ზემოქმედების საკუთარი „ორიგინალური“ გზა.
„აიძულებდნენ საკუთარი საფლავის გათხრას და შიგ ჩაწოლას. და სხვა ბიჭები იარაღის ქვეშ მათ მთლიანად ფარავდნენ. თავიც კი არ ჩანდა. ცოტა ხნის განმავლობაში ასე დარჩენა შესაძლებელია. შემდეგ ოცეულის ან ასეულის მეთაური ამ ორმოებს უხსნიდა ცეცხლს. ვის მოახვედრებდა, ნახვამდის, ვინც გადარჩებოდა, სულელივით ამოდიოდა ორმოდან. მათთვის უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო. გზავნიდნენ ფრონტის ხაზზე. ზოგი გადარჩა, ზოგი არა“.
მობილიზებულები, რომლებსაც საკუთარი უფროსები სცემდნენ, საავადმყოფოში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაჰყავდათ:
„ერთ-ერთს ვკითხე, რისთვის სცემეს. მითხრა, რომ არაფერი ახსოვდა. კონდახი ჩაარტყეს, მან დაკარგა გონება და შემდეგ გათიშულს ურტყამდნენ, როგორც ჩანს. საშინელ მდგომარეობაში იყო. როგორღაც მოვახერხე მანქანის შოვნა - მაშინ დონეცკში ვიყავით განლაგებული და წავიყვანე ვოლნოვახის საავადმყოფოში. იქ დაეხმარნენ და როსტოვში გაგზავნეს“.
ცდილობენ, მხოლოდ მძიმედ დაჭრილები გადაიყვანონ რუსეთში და დანარჩენები ადგილზე დატოვონ რადგან შემდეგ დააბრუნონ ფრონტის ხაზზე:
„შუშის თვალებით ვუყურებდი ყველაფერს, სხვა შემთხვევაში ფსიქიკა უბრალოდ ვერ გაუმკლავდებოდა“.
„სანგრებში ისხდნენ ბიჭები მშივრები, ექვსი თვე ხელფასები არ აუღიათ. ანუ მოტყუებით მიათრიეს იქ – სექტემბერი გადაუხადეს, მომდევნო თვეებში კი ერთი გროშიც არ მიუციათ, თითქოს ეს ადამიანები არც არსებობენ. ასე რომ, ჩვენ მათ პროდუქტს ვუცვლიდით იარაღში“.
მისი თქმით, არა მხოლოდ ვაზნებისა და ყუმბარების დეფიციტი იყო, არამედ ტექნიკისაც – არ იყო შესაძლებლობა 60 კილომეტრის მოშორებით არსებულ უახლოეს მაღაზიამდე მისვლის:
"ყველაფერი დამსხვრეული იყო. სათადარიგო ნაწილებზე მუდმივად ფულს აკეთებდნენ, რადგან სადღაც რომ მიდიოდი, ტექნიკა უნდა შეკეთებულიყო. ჯერ ნიჟნი ნოვგოროდში ვიყავი და იქ დიდი დატვირთვა იყო: ჯავშანტექნიკა, ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები. თავად ჩვენ ამ ტექნიკასთან ერთად მივდიოდით მატარებლით, ველოდით ყველაფრის ჩატვირთვას. და როცა უკრაინაში შევედით, ომისთვის თითქმის არაფერი იყო. სად წავიდა ეს ყველაფერი, გაიყიდა თუ რა? მაგრამ პირის გაღება არ შეგიძლია, თუმცა ყველას მშვენივრად ესმოდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკრაინელებს მიჰყიდეს და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ამიტომ გვაქვს ასეთი საშინელი დანაკარგები. რა უნდა ვთქვა, ფრონტზე რომ გგზავნიან ავტომატების გარეშე?!“
მარგარიტას ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მოგონებაა რუსი ჯარისკაცები, რომლებიც საკუთარ თავს ესვრიან ფრონტის ხაზიდან გასასვლელად:
„საკუთარ ფეხებში ისროდნენ, რადგან კვირებით იყვნენ სანგრებში და აღარ შეეძლოთ სიარული. მუდმივი ნესტისა და ყინვისგან ფეხებმა ლპობა დაიწყეს. ფეხზე რომ გაიხადეს, უბრალოდ შემეშინდა, მსგავსი არაფერი მინახავს. შავი იყო ხორცი, შემხმარი სისხლით, თითებიც არარ ირჩეოდა. დარჩა მხოლოდ ამპუტაცია,”- იხსენებს მარგარიტა.
ნოვოჩერკასკის სამხედრო ნაწილში მარგარიტას მკაცრად ურჩიეს, არ გამოჩენილიყო, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე თერაპიაშიას გადიოდა, რადგან პოლკოვნიკს სურდა მისი ფრონტზე დაბრუნება. ამიტომ, ის სამოქალაქო სამოქალაქო საავადმყოფოში გადაამისამართეს სამკურნალოდ. მიუხეავად ამისა, ქალი სამხედრო კარიერის გაგრძელებას აპირებს, თუმცა სასაზღვრო სამსახურში, რადგან სამოქალაქო სამსახურში თავის რჩენის საშუალება არ აქვს.
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ასოცირებული პროფესორი მაქსიმ არზამასცევი თავის სამეცნიერო ნაშრომში სექსუალურ შევიწროების კონტექსტში მოჰყავს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიაში ყოველი მეოთხე სამხედრო ქალი ამა თუ იმ ფორმით სექსუალურ შევიწროებას განიცდიდა. ფსიქოლოგი იგორ სელივანოვი, რომელიც სწავლობს ურთიერთობებს სამხედრო კოლექტივებში, იხსენებს ისტორიას, თუ როგორ უწევდა ჩეჩნური კამპანიის დროს, ერთ-ერთ განყოფილებაში ოფიცერს ქალების დამალვა კოლეგებისგან.
რუსეთის ჯარისკაცთა დედების კომიტეტის მდივანი ვალენტინა მელნიკოვა ამბობს, რომ რუსეთის ჯარში არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც ექვემდებარებიან სექსუალურ ძალადობას, რადგან სამხედრო ნაწილებში არიან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები "კაპიტნებისა და მაიორის დონეზე", ჯარისკაცების მხრიდან ასეთი ჩივილები ყოველთვის არის. ამგვარი პრობლემა არმიის რიგებში საბჭოთა პერიოდიდან არსებობდა:
„საბჭოთა ჯარში ყველაფრით ვაჭრობდნენ, მათ შორის, სამხედროებითაც. ვმუშაობთ 1989 წლიდან. გორბაჩოვის დროს შეიქმნა კომისია, რომელიც გამოიძიებდა ჯარში სიკვდილისა და დაჭრის მიზეზებს. მეც ვმუშაობდი იმ კომისიაში. ჩვენთან თითქმის ოთხი ათასი ადამიანი მოვიდა, მათ შორის იყვნენ ბიჭები, რომლებიც გაიქცნენ ქვედანაყოფებიდან, რადგან ვერ გაუძლეს. მაგრამ ეს ყველაფერი დამალული იყო. შემდეგ, როდესაც რუსული ჯარის შექმნა დაიწყო, გაიხსნა. ყველაფერი დაიწყო საკალაუსკასის საქმით, რომელსაც კოლეგები ზემდგომების აბუჩად იგდებდნენ და შედეგად რამდენიმე ადამიანი მოკლა. ეს იყო პირველი საქმე“.
მას არ აკვირვებს მარგარიტას ნაამბობი, რადგან მისი თქმით, მსგავსი რამ ხდებოდა ჩეჩნეთის მეორე ომის დროსაც.