Accentnews.ge
სომხეთის მორიგი სიურპრიზი პუტინს და საქართველო

სომხეთის მორიგი სიურპრიზი პუტინს და საქართველო

30/03/2023 12:49:50 ანალიზი

მიუხედავად „შედეგების თაობაზე“ მოსკოვის მუქარისა, არის მოლოდინი, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ერევნისგან მორიგ სილას მიიღებს რომის სტატუტის (ძირითადი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მოქმედებს) რატიფიცირებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ რუსეთის პრეზიდენტს ურჩია კიდეც ერევანში ვიზიტებისგან თავის შეკავება.

"თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, ვალდებულები ვიქნებით, დავაკავოთ. ამდენად, სჯობს, თავის ქვეყანაში დარჩეს… რაკი რომის სტატუტს შევუერთდით, ვალდებულებები უნდა შევასრულოთ. არ მსურს, პუტინი სომხეთში ვიხილო" - თქვა პარტიის წევრმა, დეპუტატმა გაგიკ მელქონიანმა.

საინტერესოა, რომ სომხეთმა რომის სტატუტს ჯერ კიდევ 1999 წელს მოაწერა ხელი, თუმცა რატიფიცირება არ მოუხდენია. მართალია, ის 2004 წელს ერევანმა ქვეყნის იმჟამინდელ კონსტიტუციასთან შეუთავსებლად აღიარა, თუმცა გასულ წელს ქვეყანა კვლავ დაუბრუნდა საკითხს – ხელისუფლებამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან თავსებადობის შესაფასებლად. მაშინ განიმარტა, რომ სურთ, დააყენონ აზერბაიჯანის პასუხისმგებლობის საკითხი ყარაბაღის მეორე ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის და ეს იყო თემის დღის წესრიგში დაყენების მთავარი მოტივიც. თავად საკონსტიტუციო სასამართლომ კი მიმდინარე წლის მარტში გასცა რატიფიცირების ნებართვა, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა.

პოლიტიკური მიმომხილველი, ერევნის პრეს–კლუბის პრეზიდენტი ბორის ნავარარდიანი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში გარემოებების დამთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა ამბობს იმასაც, რომ გადაწყვეტილება რუსეთ–სომხეთის ურთიერთობებში არსებული წინააღმდეგობების ანარეკლიცაა:

„სომხეთის ინტერესი, გახდეს საერთაშორისო სასამართლოს წევრი, მცდელობაა, გამოიყენოს საერთაშორისო მექანიზმი აზერბაიჯანის აგრესიისგან ქვეყნის დასაცავად. პროცესზე გავლენა მოახდინა ყარაბაღის მოვლენებმა, რადგან 2020 წლამდე იყო ამგვარი შიშები, რომ საერთაშორისო სასამართლო შეიძლება შეხებოდა არა მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთის ქმედებებსაც. მაგრამ 2020 წლის ომის შემდეგ ცხადია, რომ საერთაშორისო მექანიზმებით დაცვას სომხეთი მეტად საჭიროებს.

გადაწყვეტილება ნერვიულად მიიღეს რუსეთში, რადგან ეს არაა პირველი ამგვარი პრეცედენტი. სომხეთის ცალკეულმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ შეეხო რუსეთ–სომხეთის ურთიერთობებს, უკვე არაერთხელ გამოიწვია ხისტი რეაქცია მოსკოვში. ეს ეხებოდა რუსეთის როლს ОДКБ–ში; როდესაც სომხეთმა პრაქტიკულად უარი თქვა ერთობლივ წვრთნებზე; როდესაც სომხეთმა უარი თქვა 2022 წელს ОДКБ–ს სამიტის დეკლარაციის ხელმოწერაზე. დიახ, სომხეთში, მას შემდეგ, რაც რუსეთი და ОДКБ არ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს ქვეყანასთან მიმართებით, ნეგატიურად აღიქვამენ სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებებზე რუსეთის ამგვარ მკვეთრ რეაქციებს. და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კონიუნქტურულ ხასიათს ატარებს სომხეთში შესაძლო ვიზიტისას ვლადიმირ პუტინის შესაძლო დაკავების თემა, ეს ანარეკლია ზოგადი ტენდენციის – ერევნის მოსკოვისგან დისტანცირების და ურთიერთ უკმაყოფილების“.

იმის სადემონსტრაციოდ, რომ სომხეთი არ არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, ნებისმიერ "ხავსს" ეჭიდება, განსაკუთრებით ყარაბაღის ომის შემდეგ, რათა ის იმედგაცრუება, რომელიც არსებობს როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ კლასში, გამოიხატოს,– ამბობს „აქცენტთან“ უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტი, ისტორიკოსი დავით ბრაგვაძე და განაგრძობს, „ამის ნაწილიც შეიძლება იყოს ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც [რომის სტატუტის რატიფიცირება], მით უფრო, თუ მოკლე დროში მოხდება მისი რატიფიცირება“:

„ჩასვლის შემთხვევაში დაიჭერენ თუ არა პუტინს, ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ თავად ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადსაღები ჩვენთვის, რომლებსაც გვაქვს ამბიცია, რომ მოწინავე პროდასავლური ქვეყანა ვართ რეგიონში. დავაკვირდეთ, რა ხდება სომხეთში, რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა და ჩვენთან, როდესაც სულელური განცხადებები გვესმის, რომ „დაკავების ორდერი არ არის საბოლოო განაჩენი“ და ა.შ. ჩვენ ვერ ვბედავთ, სწორი პოლიტიკური შეფასება მივცეთ ამბავს!“

რაც შეეხება რუსეთის მუქარას, ამ ეტაპზე მიზანში სომხური რძის პროდუქტები ამოიღეს, ყოველ შემთხვევაში, ამგვარია აღქმა სომხეთში. კერძოდ, რუსეთის ფედერალური ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის მტკიცებით, რუსი სპეციალისტების მიერ 20-24 მარტს სომხეთში ჩატარებული კვლევის შედეგად ადგილობრივ პროდუქციაში "რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი", კერძოდ, მათ შემცველობაში "აღმოჩნდა ირანული წარმოების ნედლეული, რომლის გამოყენებაც რუსეთში იკრძალება" და თქვეს, რომ პროდუქტის იმპორტის აკრძალვის საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება.

თავის მხრივ, ერევანმა ბრალდებები უარყოფო და პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითა: "რეალურად, რუსულმა ინსპექციამ ვერაფერი აღმოაჩინა ისეთი, რაც საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ნორმებს არღვევს და საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენი უწყება სისტემატურად სათანადო დონეზე ახორციელებს შესაბამის კონტროლს" - განაცხადა სომხეთის სასურსათო უსაფრთხოების საინსპექციო სამსახურის ხელმძღვანელმა ანუშ არუთუნიანმა და იქვე დასძინა, რომ ირანული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია, რომელიც მოხმარებისთვის სრულიად უსაფრთხოა, სომხურ ბაზარზეც რეალიზდება.

"რუსული რიტორიკა პროდუქციის ხარისხის შესახებ უფრო პოლიტიკურ ელფერს ატარებს", - მიიჩნევს სომხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ინფორმირებული და დაცული მომხმარებლის" ხელმძღვანელი ბაბკენ პიპოიანი, რომლის აზრით, "ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ელემენტის არდანახვა უბრალოდ შეუძლებელია".

ბორის ნავარარდიანი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ხისტი დამოკიდებულება იგრძნობოდა ნებისმიერ აქტივობაზე, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის ევროკავშირთან, ზოგადად დასავლეთთან დაახლოებას. ამ კონტექსტში ის 2013 წელს იხსენებს, როდესაც სომხეთი საქართველოსთან ერთად ემზადებოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გასაფორმებლად, მაგრამ მოსკოვიდან ძლიერი ზეწოლის გამო გახდა იძულებული, გადაედო ეს საკითხი.

„პრეცედენტები იყო, მაგრამ ისეთი მკაფიო, რასაც 2022 წლის მეორე ნახევრიდან და 2023 წლის დასაწყისიდან ვაკვირდებით, არ ყოფილა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ახლა თვალს ვადევნებთ სომხეთსა და რუსეთს შორის დაგროვილი წინააღმდეგობების ინტენსიურ პროცესს. მაგრამ რისკებს, რომელიც არსებულ ვითარებას შეცვლის და კიდევ უფრო დაამძიმებს, ვერ ვხედავ. ყველაფერი დაიწყო 2020 წლის სექტემბრიდან [ყარაბაღის მეორე ომი]. მაშინ სომხეთს რუსეთი არათუ დაეხმარა, მეტიც, ვხედავთ, რომ მოსკოვის ქმედებები მეტწილად აზერბაიჯანის და თურქეთის სასარგებლოდაა – ანუ ორი მეზობლის, რომლებთანაც სომხეთს პრობლემური ურთიერთობები აქვს. ამდენად, მოსკოვისა და ერევნის ისტორიულად ახლო ურთიერთობებს, კონკრეტულ სიტუაციაში უსაფრთხოების კუთხით სომხეთისთვის კარგი არაფერი მოიტანა. ამიტომ, ამჟამინდელი უკმაყოფილება ნაკლებად აღელვებს საზოგადოებას“,– ამბობს ნავარარდიანი და დარწმუნებულია, რომ სომხეთის პარლამენტი დაასრულებს რატიფიცირების პროცესს, თუმცა ის არც რატიფიცირებამდე და არც მას შემდეგ ელის „ფორმალურ სტრატეგიულ პარტნიორთან“ პუტინის ვიზიტს და ფიქრობს, რომ ამას დემონსტრაციული ხასიათი ექნება.

მიუხედავად იმის, რომ ერევანი მეზობელ საქართველოსგან შეუდარებლად დამოკიდებულია რუსეთზე ეკონომიკურ–პოლიტიკურ–უსაფრთხოების თვალსაზრისით, ის არა მოლოდინის რეჟიმში, არამედ მოქმედებაშია და არ ერიდება მოსკოვისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებსაც კი, მათ შორის, თურქეთთან ცდილობს უმწვავესი ურთიერთობების დალაგებას, აშშ–ისა და ევროკავშირის ჩართულობით პრობლემების აზერბაიჯანთან მოგვარებას... ცხადია, ჩნდება კითხვა, რა აძლევს მას სითამამის შესაძლებლობას?

იხილეთ ასევე: „რუსეთი ვერ დაბლოკავს“: პოზიტიური ძვრები საქართველოს სამეზობლოში

„უკრაინის მოვლენებმა სომხეთს სამოქმედო სივრცე შედარებით გაუფართოვა, მეორეს მხრივ, ჩვენგან განსხვავებით, სომხეთის პოლიტიკურ ელიტაში, როგორც ჩანს, პოლიტიკოსები არიან და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების და პოლიტიკური მოქმედებების რესურსიც აქვთ. ჩვენ უფრო ტექნიკურად, ბიუროკრატიულად ვუდგებით საკითხებს და შიშის კულტივირებას ვაგრძელებთ საზოგადოებაში, რომ „რუსეთი უძლეველია“. ფაშინიანის მიმართაც არის დამოკიდებულება, „ის უფრო აქტივისტია, ვიდრე პოლიტიკოსიო“, მაგრამ ყველაფერი, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, იმაზე მიუთითებს, რომ მას აქვს უნარი, მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გააკეთოს სწორი აქცენტები საჭირო დროს და საჭირო ადგილას. ვფიქრობ, ჯამში ეს ყველაფერი აძლევს ერევანს სითამამეს და პლუს ისიც, რომ მას ბევრი აღარაფერი დარჩა დასაკარგი: სომხეთისთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ყარაბაღის პრობლემა ნაწილობრივ უკვე გადაწყდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, დარჩენილი ნაწილის ბლოკადა მეოთხე თვეა, გრძელდება და ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი ვერ ახერხებს იქ მცხოვრები სომხების ინტერესების დაცვას. ეს პირდაპირ ურტყამს სომხეთის ხელისუფლების რეპუტაციას, რეიტინგს. ცალკე საკითხია სასაზღვრო ზონაში პრობლემები, ОДКБ–ს დამოკიდებულება ... ეს ყველაფერი გროვდება. სომხეთს ბოლომდე აქვს გაცნობიერებული, რომ რუსეთი მათთვის ხსნა არ არის, პირიქით, პრობლემაა და შესაძლებლობების ძალიან ვიწრო ფანჯარას (ჩვენთვის გაცილებით დიდია, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვიყენებთ) იყენებს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს ამ ვითარებაში ჩვენგან განსხვავებით!“,– ამბობს დავით ბრაგვაძე.

ამ ფონზე, მსუბუქად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით სევდიანად გამოიყურება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან „ქართული ოცნების“ რიტორიკა ეხმიანება რუსეთის უძლეველობის, დასავლეთის სისუსტის, უკრაინის დაჩაგვრისა და მესამე მსოფლიო ომის საფრთხის ნარატივებს. მმართველი ძალა ზრდის ოკუპანტზე ქვეყნის დამოკიდებულებას, კონფრონტაციულ ურთიერთობაშია და დისტანცირდება დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებისგან, არ იყენებს ისტორიულ შანსს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლამ გააჩინა, ცდილობს ევროსკეპტიკური განწყობების გაღრმავებას, საკუთარი საზოგადოების დეზორიენტირებას ცრუ დილემებისა და კონსპირაციების შემოთავაზებით და მოწყვლადს ხდის საფრთხეების მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S