
სოხუმში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა
30/03/2023 14:36:43 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველად შევიდა საკონტეინერო მატარებელი 62 კონტეინერითა და 2700 ტონა ტვირთით, - იუწყებიან აფხაზური ტელეგრამ-არხები.
ვარაუდობენ, რომ ეს რუსული ან ჩინური ტვირთია, რომელიც თურქეთისკენ გადააქვთ.
სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე კომპანია "Smartlog"-ის კუთვნილი კონტენერები ჩანს. ეს რუსული კომპანია საკონტეინერო გადაზიდვებს შემდეგ მარშრუტებზე ახორციელებს:
ჩინეთი – ყაზახეთი/თურქეთი – ჩინეთი;
რუსეთი – შუა აზია/აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონი – რუსეთი;
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი;
ჩრდილოეთი - სამხრეთი;
ჩინეთი – ევროპა– ჩინეთი;
ჩინეთი - უზბეკეთი - ჩინეთი.
აფხაზეთში შეტანილი კონტეინერები სავარაუდოდ, სოხუმის პორტში მდგომ ხომალდზე Anatolian აიტვირთება.
საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის გავლით საქონლის გადაზიდვა, მაღალი ალბათობით, მორიგი რუსული სქემაა დასავლური საქნციებისთვის გვერდის ასავლელად.
ცნობისთვის: საკონტეინერო მატარებლები ტვირთის გაგზავნის ადგილიდან დანიშნულების პუნქტამდე უმოკლეს ვადებში გადაზიდვის საშუალებას იძლევა, რადგან მათ არ აჩერებენ და არ ახდენენ გადაფორმირებას. მსგავსი მატარებლები, მაგალითად, გადაადგილდებიან ჩინეთიდან ახალქალაქის გავლით თურქეთისკენ.
"აფხაზეთის რკინიგზის" ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ "პროექტის ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მოცულობების ზრდისკენაა მიმართული".