
ამერიკულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტიდან ორიოდ კვირაში შავ ზღვაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს, მასში საქართველოც მონაწილეობს
31/03/2023 14:19:33 თავდაცვა
ამერიკულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტიდან ორიოდ კვირაში შავ ზღვაში ნატოს მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს შეერთებული შტატების საჰაერო მეთვალყურეობის დახმარებით.
სწავლებაში 3 500–მდე სამხედროა ჩართული ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.
მანევრებში მონაწილეობს 15–მდე ქვეყნის სახმელეთო, საზღვაო და ავიაძალები. რუმინეთის საზღვაო ფლოტი წარმოდგენილია 30 ხომალდით, ბულგარეთის ფლოტი – ორით, 14 თვითმფრინავია საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, შეერთებული შტატებიდან და თურქეთიდან, ასევე 15 სწრაფი რეაგირების კატარღა და 57 საბრძოლო მანქანა.
ეს არის რთული წვრთნა, რომელიც ტარდება როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთსა და წყალში. გასათვალისწინებელია, რომ სულ რამდენიმე კილომეტრში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები.
წვრთნის დროს მდინარე დუნაის სანაპიროზე, უკრაინიდან 30 კილომეტრის დაშორებით მტრის თავდასხმის მოგერიებაში ივარჯიშეს.
სწავლება 4 აპრილამდე გაგრძელდება.