Accentnews.ge
რატომ საუბრობენ "ოცნება", მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ერთი ანტიდასავლური ენით

რატომ საუბრობენ "ოცნება", მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ერთი ანტიდასავლური ენით

04/04/2023 14:01:43 ანალიზი

"რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის" შესახებ ყალბ ანტიდასავლურ ნარატივს, რომელიც უკრაინის ომის ფონზე ხშირად გვესმის საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების, მასთან აფილირებული "ხალხის ძალის", მედიისა და ტროლ-ბოტებისაგან, ამჯერად რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი აჟღერებს.

"დასავლეთის ქვეყნები აიძულებენ საქართველოს, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაებას. რუსეთი ნათლად ხედავს დასავლეთის მცდელობებს, დაარწმუნონ თბილისი, თითქოს უკვე შექმნილია ნოყიერი საფუძველი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად. რეალური ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინას გაეწიოს დახმარება: დასავლეთი ხედავს, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ ყალიბდება, ამდენად, სურს, რუსეთის ფედერაციას საქართველოს მხრიდან გაეხსნას მეორე ფრონტი" - ბრძანა ნარიშკინმა.

რუსმა მაღალჩინოსანმა ეს განცხადება მინსკში გააკეთა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება და დღეს შეხვედრა ჰქონდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან - ბელარუსის იმ ავტორიტარ მმართველთან, რომელიც 2022-ის შემოდგომაზე ქართული კანონმდებლობის დარღვევით ბიჭვინთას სტუმრობდა, მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას მინსკში უმასპინძლა, მასთან საუბრისას აფხაზეთი რამდენჯერმე მოიხსენია "ქვეყნად" და სოხუმთან თანამშროლობის გაფართოების დაინტერესებაც დააფიქსირა, იქვე "ქართულ-აფხაზური მეგობრობის" იმედიც გამოთქვა და ძალზე უცნაური განცხადება გააკეთა "თბილისის, სოხუმისა და მინსკის შეკვრის აუცილებლობის" თაობაზე:

"ჩვენ - თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც ამ რთულ დროს რაღაცნაირად უნდა შევიკრათ, შევეწებოთ და ვიღწვოდეთ ერთობისკენო".

ანალიტიკოსებმა ლუკაშენკოს ეს განცხადება მაშინვე დაუკავშირეს მოსკოვის საჯაროდ დეკლარირებულ განზრახვას სსრკ-2-ის, ანუ პუტინის ახალი იმპერიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელშიც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან ერთად მოიაზრება საქართველოც. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს ხომ პირდაპირ აქვს ნათქვამი, "საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მხოლოდ დიდი რუსეთის შემადენლობაში შეიძლება, გაერთიანდესო". "დიდ რუსეთში" კი მოსკოვი აქ ან პირდაპირ ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მოიაზრებს, ან "საკავშირო სახელმწიფოში", რომლის ჩამოყალიბებაზე პუტინი ლუკაშენკოსთან უკვე წლებია, მუშაობს და ამ საქმის დაგვირგვინებას უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ვარაუდობს. ამასთან, სოხუმის ლიდერ ასლან ბჟანიას, ისევე, როგორც მის ოს კოლეგა ალან გაგლოევს უკვე არაერთგზის აქვთ გამოთქმული მზადყოფნა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი "რუსეთ-ბელარუსისა და სხვა ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს" მიუერთონ.

ნათელია, რომ კრემლი ზურგს გაუმაგრებს და ეცდება, შეუნარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერ მმართველს ნებისმიერ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც მოსკოვს იქ დასახული მიზნების რეალიზებაში შეუწყობს ხელს. უკრაინის მმართველმა გუნდმა პუტინის რეჟიმს ამ მხრივ იმედები აშკარად გაუცრუა და შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ მტრად ექცა, - განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან: "ქართულ ოცნებას" რუსი ჩინოსნები ბოლო დროს ლამის ყოველდღიურ რეჟიმში აქებენ და წარმოაჩენენ "დასავლეთის ზეწოლის" მსხვერპლად, რომელიც "ხელმძღვანელობს რა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებით, ვაჟკაცურად უწევს წინააღმდეგობას უკრაინასთან, აშშ-სა და მათ პარტნიორებთან შეკრული რადიკალური ოპოზიციის მზაკვრულ გეგმებს". მიზანი მარტივი ამოსაცნობია: თუ საქართველოს მოსახლეობა დაიჯერებს, რომ დასავლეთი, ისევე, როგორც "მის მიერ მართული" ოპოზიცია მტერია და ომისგან ქვეყანას მხოლოდ "ქართული ოცნება" იცავს, ეს უკანასკნელი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, "ოცნების" განგრძობადი ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად დასავლელი პარტნიორები ზურგს აქცევენ საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქვეყანა მარტო, სრულიად დაუცველი დარჩება ჩრდილოელი მეზობლის პირისპირ, რაც რუსეთს საქართველოს შთანთქმას მაქსიმალურად გაუადვილებს. ანუ, ყველაფერი პირიქითაა და თუ რაიმე უქმნის საქართველოს შთანთქმის რალურ საფრთხეს, ეს სწორედ ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა და შედეგად რუსეთის პირისპირ მართოდ დარჩენის პერსპექტივაა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების და მასთან აფილირებული "ხალხის ძალის" რიგი წარმომადგენლები სახელისუფლებო მედიასა და ტროლ-ბოტების მთელს არმიასთან ერთად აქტიურად განაგრძობენ დასავლეთისა და "მის მიერ მართული" ოპოზიციის დემონიზების კამპანიას, პარალელურად კი ათასგვარი ხრიკებით ეწინააღმდეგებიან ევროკავშირთან დასაახლოებლად უკრაინის ომის ფონზე გაჩენილი უნიკალური შანსის გამოყენებისთვის აუცილებელი იმ 12 რეკომენდაციის რეალურ შესრულებას, რომელიც "ოცნებას" სადღეისოდ არსებულ ფაქტობრივად აბსოლუტურ ძალაუფლებას საგრძნობლად შეუმცირებდა.

ამასწინათ "თბილისისა და მოსკოვის ერთ ენაზე საუბარზე" ამასწინათ ისაუბრა საქარველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

„რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს "მეორე ფრონტის" კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას. ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება - ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე" - მიმართა მან მმართველ გუნდს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბიშვილმა მოსკოვთან ერთად სეპარატისტებიც ახსენა და მართლაც, ბოლო დროს "ქართული ოცნების" მხარდამჭერ განცხადებებზე გადავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობაც. ამასთან, კრემლის სატელიტი სოხუმის რეჟიმის მთელი რიგი ქმედებები იმდენად ჰგავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისას, რომ უკვე ერთიანი საკოორდინაციო ცენტრიდან ნაკარნახევის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე, მაგალითად:

  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც აფხაზეთში ანტიდასავლური კრემლისტური კანონპროექტების ძალით გატანას ცდილობს;
  • "ოცნებისეულის" მსგავსია, რიგ შემთხვევებში კი იდენტურიც ანტიდასავლური და ანტიუკრაინული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივები;
  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც იქაური ოპოზიციის დემონიზებას ეწევა;
  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც მოსახლეობას ომით აშინებს;
  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც არწმუნებს ადგილობრივებს, რომ მშვიდობის ერთადერთი გარანტორი თავადაა და რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში "ომი გარდაუვალია".

მსგავსებების ჩამონათვალი გრძელია. იდენტურია ორივე შემთხვევაში ადვილად ამოსაცნობი მიზანიც: სრულად ხელმოცარული რეჟიმების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება. და ეს 100%-ით ემთხვევა რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის მიერ უკვე ღიად დეკლარირებულ სტრატეგიულ გეგმას - საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონითურთ პუტინის ახალ იმპერია სსრკ-2-ში შეათრიოს.

კონკრეტულ მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ ე.წ. უცხოეთის აგენტების ეპოპეა: სანამ თბილისში ხელისუფლებასთან აფილირებული ანტიდასავლური დაჯგუფება "ხალხის ძალა" მმართველი გუნდის მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობის არაერთგზის დეკლარირებული ნების შესაბამისად კონსტიტუციაში ასახული ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დამსამარებელი ე.წ. "უცხოური აგენტების" რუსული კანონის ძალით გატანას ცდილობს, ბჟანიას გუნდი იგივეს აკეთებს სოხუმში და საქმის გასამარტივებლად მოსახლეობას ფაქტობრივად, სიტყვა-სიტყვით იგივე კრემლისტური ანტიდასავლური სადეზინფორმაციო ნარატივებით კვებავს, რომელიც თბილისში სხვადასხვა პრორუსული ჯგუფების, "ხალხის ძალისა" და თავად ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც გვესმის. ე.წ. "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბჟანიამ "ოცნებას" ოდნავ დაასწრო. და ეს ერთ-ერთი პუნქტია ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოსკოვის მიერ სოხუმისთვის გაგზავნილი "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირებისთვის კანონმდებლობათა ჰარმონიზების" 45-პუნქტიანი პროგრამიდან, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ანექსიისკენ მიმართულ მთელ რიგ სხვა პუნქტებსაც მოიცავს, მათ შორის - მუხლებს მოქალაქეობის მინიჭების, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწისა და სხვა უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაზე მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმების შესახებ.

გამოგზავნილია თუ არა თბილისში მოსკოვიდან ანალოგიური გეგმა - მომავალში უცილებლად შევიტყობთ. მაგრამ თუ რაჭის ტერიტორიის 1/3-ის (თანაც რუსეთის მოსაზღვრე მიწების) კრემლის კარის ოლიგარქ ხიდაშელის სარგებლობაში გადაცემას (და თავად ხიდაშელი ღიად საუბრობს საქართველოში "კიდევ 47 პროექტის რეალიზების" განზრახვაზე), იგივე ენერგეტიკის სფეროში რუსულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებას, უკრაინასთან ომის ფონზე საქართველოში რუსეთის ათიათასობით მოქალაქის დასახლებას, მათთვის ბიზნესების გახსნისა და ქონების შეძენის საშუალების მიცემას, სხვა არაერთ შემაშფოთებელ ფაქტს, ახლა კი "აგენტების შესახებ" რუსული კანონპროექტის განხილვას გავითვალისწინებთ (მრაალათასიანმა საპროტესტო აქციებმა პრობლემა მხოლოდ დროებით მოხსნა, რადგან "ოცნება" არ მალავს, რომ სამომავლოდ ავადსახსენებელი კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას გეგმავს), თავისთავად ჩნდება ძალიან, ძალიან ცუდი ეჭვები. მით უფრო - თუ გადავხედავთ კრემლის მიერ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის ბელარუსის შთანთქმის მიზნით მომზადებული გეგმების შინაარსს, რომელთა ზოგიერთი პუნქტი ძალიან ჰგავს იმას, რასაც საქართველოში ვხედავთ:

• "[ბელარუსული] კანონმდებლობა მიესადაგოს რუსულს;

• დამყარდეს რუსეთის კონტროლი [ბელარუსის] სამხედრო-პოლიტიკურ სექტორზე, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაზე;

• რუსულმა დაზვერვამ შეზღუდოს “პროდასავლური და ნაციონალისტური” ძალების გავლენა;• რუსული მედიის რაოდენობისა და მოსახლეობაზე საინფორმაციო გავლენის ზრდის მეშვეობით დამყარდეს კონტროლი [ბელარუსის] საინფორმაციო სივრცეზე;

• [ბელარუსის] მოქალაქეთათვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემა გამარტივდეს, რათა ადგილზე შეიქმნას ინტეგრაციის მომხრე რუსების მოქალაქეების ფართო ფენა, რომელსაც რუსულ ბაზარში დაინტერესებული ბიზნეს-წრეებიც შეუერთდებიან".

დიახ, სწორედ ასე მოქმედებდა საქართველოს ყველაზე დიდი მტერი რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ორი საუკუნის განმავლობაში, ასე მოქმედებს დღესაც და საქმის გასამარტივებლად თავისი რეალური აგენტურის პირით ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ მტერი ის კი არაა, არამედ დასავლეთი - ის აშშ და ევროპა, რომლებიც სამ ათწლეულზე მეტია, უზარმაზარი როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერით გვიცავენ რუსეთის მიერ შთანთქმისაგან, სიცივისგან, შიმშილისგან, უუფლებობისგან, დაუღალავად გვეხმარებიან ფაქტობრივად ყველა პრობლემის დაძლევაში და სხვათა შორის, სწორედ მათი დამსახურებაა, მსოფლიოს რომ დღემდე არ უღიარებია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა!

მაგრამ რას ვხედავთ ამ ფონზე საქართველოში? რა გვესმის თბილისსა და სოხუმში მმართველი რეჟიმების მხრიდან? - დასავლეთის ძაგება და პუტინის ტერორისტული ოკუპანტი რეჟიმისთვის "პირის მობანვის" მცდელობები! დამაფიქრებელია და ალბათ, სიმპტომატური ისიც, რომ კრემლის სატელიტი ასლან ბჟანია მისი გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამ ფონზე სულ უფრო ხმამაღლა აფიქსირებს "ქართული ოცნებისადმი" "სიმპათიებს" ...

ეს "სიმპათიები" რომ გულწრფელი იყოს და არა კრემლის გეგმის ნაწილი, ბჟანია რომ რეალურად ფიქრობდეს აფხაზი ხალხის მომავალზე და არა ძალაუფლების შესანარჩუნებლად აფხაზეთის რუსეთისთვის გადაფორმებაზე, "ქართული ოცნების" არაფორმალური მმართველი ივანიშვილიც რომ საქართველოს მომავალზე ზრუნავდეს და არა პირადი ინტერესებისთის ქვეყნის რუსეთისთვის უბრძოლველად ჩაბარებაზე, თბილისი და სოხუმი ისარგებლებდნენ ვითარებით - უკრაინის ომის ფონზე რუსეთის ყოველმხრივი (და აქ მაინცდამაინც სამხედროს არ ვგულისხმობ) დასუსტებით, კრემლის ანექსიური გეგმების გამოაშკარავების ფონზე აფხაზეთის მოსახლეობაში ანტირუსული განწყობების საგრძობი ზრდით და დაიწყებდნენ რეალური ნაბიჯების გადადგმას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. მაგრამ არა! - კრემლს სხვა გეგმა აქვს და როგორც "ოცნება" გვარწმუნებს, რუსეთი "არ უნდა გავაღიზიანოთ".

როგორც ჩანს, ამ "არგაღიზიანების" პოლიტიკის ფარგლებში ტოვებდა "ოცნება" უპასუხოდ წელიწადნახევრის განმავლობაში სოხუმიდან მომავალ ხმამაღალ გზავნილებსაც დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშროლობის დაწყების თაობაზე. დიახ, იყო საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როცა იგივე ასლან ბჟანია აქტიურად საუბრობდა ამ თემაზე და პოლიტიკური ოპონენტების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, იმასაც კი მიაღწია, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში, ქართულ მხარესთან დიალოგის/თანამშრომლობის შესაძლებლობა "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში" ასახა... მაგრამ რა? - თბილისი საპასუხოდ წელიწადნახევარი დუმდა - "არ აღიზიანებდა" მოსკოვს, რომელსაც არა მარტო აფხაზეთთან, არამედ, როგორც შემდგომში გაირკვა, მთელს დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაშიც შთანთქმის გეგმა გააჩნია. შედეგი? - თბილისის მიერ უპასუხოდ დატოვებულ ბჟანიაზე რუსული წნეხი გაძლიერდა, მანაც საბოლოოდ ვერ გაუძლო და კრემლის ინტერესების მორიგ გამტარებლად იქცა, მის რიტორიკაში კი გაჩნდა ნარატივი "სუვერენიტეტის რუსეთის ფედერაციისთვის განაწილების აუცილებლობის" თაობაზე.

ცოტა ხნის წინ პუტინის რეჟიმის სატელიტი ბჟანია სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოსკოვსა და მინსკში ამასწინანდელი ვიზიტების შედეგებს აჯამებდა, პუტინის რეჟიმის ანექსიური მოთხოვნებისადმი "ურჩ" აფხაზურ საზოგადოებასა და ოპოზიციას უშუქობითა და "სხვა მთელი რიგი მოსალოდნელი დაუძლეველი პრობლემებით" აშინებდა, რუსეთიდან მიწოდებული კანონპროექტების გაპროტესტების გამო "კანონის ფარგლებში მკაცრად დასჯით" ემუქრებოდა, იქვე შეახსენებდა "ომის საფრთხეს" და ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნავდა, "საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს, თუმცა ქართული ოპოზიცია რიგ ცუდ ღონისძიებებს გეგმავსო". ეს ყველაფერი - ამჯერად "სახელმწიფო უშიშროების ორგანოების შესახებ" იმ კანონის გასათრევად, რომელიც უშიშროების უფლებამოსილებებს საგრძნობლად ზრდის და საზოგადოებას შესაძლო ტერორის წინაშე დაუცველად აქცევს. "ჩრდილოეთკორეულ კანონპროექტს", როგოროდაც ის აფხაზურ საზოგადოებაში მონათლეს, ბჟანიას გუნდის მხარდამჭერთა უმრავლესობით დაკომპლექტებულ "პარლამენტშიც" კი მხოლოდ ორი მომხრე აღმოაჩნდა. რომ აღარაფერი ვთქვათ სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაზე. მაგრამ წინ კიდევ ორი მოსმენით განხილვაა.

"ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ მყარად გვაქვს დამკვიდრებული ადგილი ქრისტეს უბეში და არაფერი გვემუქრება. არადა, ბომბები უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის ტერიტორიაზე ცვივა! საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს, თუმცა ქართულ ოპოზიციას აქ [აფხაზეთში - რედ.] რიგი ცუდი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი. რაღაც-რაღაცები უკვე აღვკვეთეთ. რა, აფხაზეთის უშიშროების ორგანოები - ეს რაიმე უცხო სხეულია? მათში რა, ვინმე მანქურთები მსახურობენ? არ მესმის აპელირება თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვაზე. პარლამენტმა კანონპროექტი უნდა მიიღოს! ჩვენ უნდა უზრნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და პრევენტიული ზომები ზედმეტი ვერასოდეს იქნება! ჩვენ რა, რეპრესიული სისტემა გვაქვს? ჩვენთან რა, არავინ აგინებს ხელისუფლებას, სადაც უნდა და როგორც უნდა? ის კი არა, საბიუჯეტო მუხლიც კი გვაქვს და ვაფინანსებთ კიდეც დამოუკიდებელ მედიას - ეს ევროპაშიც კი არაა!" - განაცხადა ბჟანიამ.

და ამ მისი "არგუმენტების" მსგავსიც ალბათ, ბევრს გვსმენია ბოლო დროს თბილისში. მსგავსი "ლოგიკით" იყო გაჯერებული "უცხოური აგენტების შესახებ" რუსული კანონპროექტის ინიციატორთა არგუმენტაციაც.

ახლა თავად გადაწყვიტეთ, უნდა გვიხაროდეს თუ არა ბჟანიას მსგავსად, რომ "საქართველოს ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს"; გვაახლოებს თუ არა ეს კონტროლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციასთან და ამყარებს თუ პირიქით, აზიანებს როგორც კონფლიქტების მოგვარების მიმათულებას, ისე საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის სამომავლო პერსპექტივას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S