"კანონის უზენაესობა!" ესტონელი დიპლომატი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე, კანდიდატის სტატუსზე და შესაძლო სანქციებზე საუბრობს

06-04-2023 00:10:45 კომენტარი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ „ფორმულასთან“ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობებზე ისაუბრა ამ კონტექსტში კანონის უზენაესობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან, მთავრობას ურჩევს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე უფრო მტკიცე პოზიცია ჰქონდეს, რაც მისი თქმით, ევროკავშირის სანქციების აღსრულებას გულისხმობს.

„ნატოს ოჯახის წევრები უნდა იყვნენ მზად ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისთვის და ამისთვის საქართველოს ხელისუფლებაც მზად უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წინაპირობები, პირველ რიგში კანონის უზენაესობა. ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს მთავრობას ვურჩევდი, ჰქონდეს უფრო მტკიცე პოზიცია. ეს ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის დაცვას. ძალიან გულწრფელად გავაფრთხილე საქართველოს ხელისუფლება საქართველოში ასობით ათასი რუსის შემოდინებასთან დაკავშირებით რაც უნდა იყოს მათი პოლიტიკური მიზნები და ხედვები. ჩვენ ვხედავთ რუსული ფულის შემოდინებასაც საქართველოში, როგორც ვხვდები, ესეც ასრულებს თავის როლს. ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს სიფრთხილე ამ საკითხთან დაკავშირებით. უნდა იყოს კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება უნდა იყოს გარანტირებული. ჩვენ დიდი ტკივილით ვადევნებდით თვალს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა პარლამენტის მიერ უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღების მცდელობასთან დაკავშირებით. ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ნანობს ამ მცდელობას. ეს ბევრის მიმანიშნებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ასევე შეშფოთებით ვადევნებ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სიტუაციას. გულწრფელად ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზულად მოეკიდოს ყველა ამ მოწოდებას ევროპული ქვეყნებისგან“– თქვა დიპლომატმა.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ის ფიქრობს რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და „აგენტების“ კანონთან დაკავშირებულმა მოვლენებმა „დახია პროცესი“:

„ესტონელები მამაცი ქართველი ხალხის მეგობრები არიან, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემური მოვლენები ვითარდება, რაც ვნებს იმ მომავალს, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს“.

დიპლომატმა ასევე ისაუბრა სანქციებზე:

„ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, დაწესებულიყო სანქციები კონკრეტული ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებსაც ნეგატიური გავლენა აქვთ საქართველოში კანონის უზენაესობაზე. ვფიქრობ, პარალელი უნდა გაივლოს მოლდოვის კონტექსტთანაც. ვფიქრობ, დეოლიგარქიზაცია და არა ოპონენტების გაჩუმების მცდელობებია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საქართველო დარჩეს ქვეყნად, რომელიც კანონის უზენაესობის გზაზეა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები