06-04-2023 21:44:29 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის ბრალდებას ამერიკის მიერ ქართველ მოსამართლეთა სანქცირების კონტექსტში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის „გასვრასთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს იყო არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ აშშ-ის კანონმდებლობის მოთხოვნა.
"ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც არსებობს სანდო ინფორმაცია კორუფციის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს სავიზო შეზღუდვა 7031c წესის საფუძველზე. ჩვენი განცხადებები, ბატონი სახელმწიფო მდივნის განცხადებაც იმაში მდგომარეობს, რომ კვლავინდებურად მზად ვართ, ვიმუშავოთ საქართველოს მთავრობასთან, ქართველ ხალხთან, რათა გააძლიერონ სასამართლო სისტემა და უპასუხონ ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს",– განაცხადა "აქცენტთან" საუბრისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
5 აპრილს აშშ–მა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა მნიშვნელოვანი კორუფციის გამო.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საკუთარ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.
მოგვიანებით მან „ტვიტერზე“ დაწერა:
„მნიშვნელოვანი კორუფციის გამო დღეს საქართველოს ხელისუფლების ოთხ, - როგორც ყოფილ, ისე მოქმედ წარმომადგენელს ავუკრძალე შეერთებულ შტატებში შესვლა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის გასაუმჯობესებლად“.
იხილეთ ასევე: „სხვა გზა არ დარჩა“: საქართველო–აშშ–ის ურთიერთობებში უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები