სახდეპის მაღალჩინოსანი: "ვიმედოვნებთ, სავიზო შეზღუდვის დაწესება წაახალისებს "ქართულ ოცნებას", გამოიძიოს და აღმოფხრვას კორუფცია"

07-04-2023 08:55:46 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 4 ქართველ მოსამართლეს დაუწესდათ არა სანქციები, არამედ სავიზო შეზღუდვა და რომ ეს არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ამერიკული კანონმდებობის მოთხოვნა იყო.

„ტექნიკურად, ეს არა სანქციები, არამედ სავიზო შეზღუდვაა", – განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტმა "აქცენტს" ანონიმურობის დაცვის პირობით.

იგი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანს კანონი ავალდებულებს, კორუფციული ქმედების შესახებ სანდო ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შესაბამის პირთა წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესოს.

„როდესაც რომელიმე მთავრობის ოფიციალური პირები შემჩნეულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ამის დამამტკიცებელი სანდო ინფორმაცია არსებობს, ამ პირებს ეკრძალებათ აშშ–ში შესვლა. აკრძალვა ვრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც – მეუღლეებსა და შვილებზე. ეს უფლებამოსილება სავალდებულო 5-6 წლის წინ გახდა. ის მიზნად ისახავს კორუფციის შეკავებას და მასზე პასუხიმგებლობის დაკისრებას. [...] შეზღუდვები მოსამართლეებს დაუწესდათ, ვინაიდან ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ეს დაკავშირებულია მათ ამჟამინდელ ან ყოფილ პოზიციებთან. მათმა კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, რითაც საფრთხე შეუქმნა ევროკავშირისა და ნატო–სკენ საქართველოს მისწრაფებას" - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტმა.

თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეთათვის სავიზო შეზღუდვის დაწესება არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ამერიკული კანონმდებლობის მოთხოვნა იყო:

„პირველი: მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავიზო შეზღუდვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა: როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი თანამდებობის პირების მიერ მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის შესახებ, ჩვენი კანონმდებლობა გვავალდებულებს, რომ ამ პირებს ავუკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა.

მეორე: ეს ქმედება დემონსტრირებას ახდენს ჩვენი ერთგულებისა გადაწყვეტილებისადმი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ასევე ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას სათანადო ნაბიჯები, გაატაროს ესოდენ აუციელებელი რეფორმები, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ჩვენ დიდი ხანია, შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით - სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის კუთხით.

მესამე: მსურს, დავარწმუნო როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ქართველი ხალხი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება გადაწყვეტილებისა, დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი გზით, რათა გადადგას ნაბიჯები, რომელიც გასულ წელს ევროკავშირმა მისი წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განუსაზღვრა.

სასამართლოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლისკენაც ევროკავშირი "ქართული ოცნების" მთავრობას მოუწოდებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, აშშ-ის ეს ქმედება წაახალისებს "ქართულ ოცნებას", გამოიძიოს და აღმოფხრვას კორუფცია, გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ეს მოხდეს ინკლუზიურად“.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი "აქცენტთან" საუბრისას გამოეხმაურა ასევე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის ბრალდებას ამერიკის მიერ ქართველ მოსამართლეთა სანქცირების კონტექსტში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის „გასვრის“ თაობაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ აშშ-ის კანონმდებლობის მოთხოვნა:

"ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც არსებობს სანდო ინფორმაცია კორუფციის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს სავიზო შეზღუდვა 7031c წესის საფუძველზე. ჩვენი განცხადებები, ბატონი სახელმწიფო მდივნის განცხადებაც იმაში მდგომარეობს, რომ კვლავინდებურად მზად ვართ, ვიმუშავოთ საქართველოს მთავრობასთან, ქართველ ხალხთან, რათა გააძლიერონ სასამართლო სისტემა და უპასუხონ ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს".

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ასევე "საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ "ქართული ოცნების", მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივსაც გამოეხმაურა და იგი კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყო:

"აშშ–სა და დასავლეთს არასოდეს უცდიათ საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ კვლავ ისმის განცხადებები, თითქოს ჩვენ დაინტერესებულნი ვართ "მეორე ფრონტის" გახსნით.... და ვინ არის დაინტერესებული პირველი ფრონტით? - ეს არის კითხვა, რომელიც ვლადიმირ პუტინს უნდა დაუსვათ. ჩვენ აბსოლუტურად არ ვართ დაინტერესებული საქართველოს ომში ჩაბმით და არც მოვუწოდებთ ამისკენ საქართველოს ან ვინმე სხვას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები