
უზენაესის თავმჯდომარე: "შეცდომის აღიარება არის ძლიერის თვისება და ვიმედოვნებ, აშშ–ის შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი გადაიხედება"
10/04/2023 09:55:27 სამართალი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ელის, რომ აშშ ქართველ მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვებს მოუხსნის. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აშშ–ის გადაწყვეტილებას "შეცდომა" უწოდა.
"ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი. მე ვთვლი, რომ დადგა ის მომენტი, როცა ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება, ყველას მოუვიდეს, არავინ არის დაზღვეული, თუმცა ვთვლი აქვე, რომ შეცდომის აღიარება არის ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი გადაიხედება", -განაცხადა მან.
ნინო ქადაგიძე მხარდაჭერას უცხადებს მოსამართლეებს, რომელთაც აშშ–მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
"სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ხმამაღლა მინდა ვთქვა, არც ერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი, ხელშესახები მიღება არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ... მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას. მე როგორც უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვიქნები მათ და თითოეული მოსამართლის ხელშეუხებლობის გარანტორი", - თქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ.
ქადაგიძე მადლობას უხდის ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ "დადგა ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში".
"დადგა ის ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო იქნეს შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლებას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა და თანადგომა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისთვის", - თქვა ნინო ქადაგიძემ.
ცნობისთვის: 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო შეზღუდვა დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). შეზღუდვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
ამავე თემაზე: სახდეპის მაღალჩინოსანი: "ვიმედოვნებთ, სავიზო შეზღუდვის დაწესება წაახალისებს "ქართულ ოცნებას", გამოიძიოს და აღმოფხრვას კორუფცია".