ეს იყო მცდელობა, ეჩვენებინათ, რომ მოსამართლეები და მთავრობა წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ გუნდს, რაც აკრძალულია – კონსტიტუციონალისტი

11-04-2023 19:26:03 კომენტარი

ეს იყო მცდელობა, ეჩვენებინათ უპირველესად საზოგადოებისთვის, რომ მოსამართლეები და მთავრობა წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ გუნდს, რაც კონსტიტუციითა არის აკრძალული,– ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ქართველი მოსამართლეებისთვის აშშ–ის მიერ სავიზო სანქციების დაწესების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და პრემიერ–მინისტრის შეხვედრას უზენაეს სასამართლოში.

„სრულიად გაუგებარია, რისგან დაცვას ითხოვენ. თუ შეერთებულ შტატებში შეშვებაზეა საუბარი, ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, ვინ შეუშვას ან არ შეუშვას. ვერც „კი“–ზე და ვერც „არა“–ზე მათ ვერავინ მოსთხოვს პასუხს. ის, რომ იყო ნათქვამი კორუფცია? უჩივლონ სასამართლოში – აშშ–ში. პრემიერ–მინისტრს რა შეუძლია? მას არანაირი უფლება არ გააჩნია, რაიმე მოიმოქმედოს ამათთან მიმართებით. მოსამართლეებს ძალიან მაღალი ხარისხის დაცვა აქვთ, თანაც კონსტიტუციის დონეზე. ეს [შეხვედრა და შემდეგ გაკეთებული განცხადებები]იყო მცდელობა, ეჩვენებინათ, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ მთავრობა და მოსამართლეები ბარიერის ერთ მხარეს დგანან, ერთად არიან, რომ ისინი წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ გუნდს, რაც კონსტიტუციით არის აკრძალული“,– ამბობს ხმალაძე.

რაც შეეხება საკითხს, შეცვლის თუ არა რამეს ოთხი პერსონის ადამიანის სისტემისგან ჩამოშორება, ხმალაძე ქართულ პრეცედენტს იხსენებს:

„მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, როდესაც უნდოდათ რიგი მოსამართლეების გავება თანამდებობებიდან და მათი ჩანაცვლება ახალი ადამიანებით (თავიდან ძირითადად საუბარი იყო მოსამართლეებზე, რომელთაც საკმაოდ ჰქონდათ სახელი გატეხილი), მათ უთხრეს, თანამდებობებიდან წასულიყვნენ თავიანთი ნებით, შესთავაზეს „მათრახი ან ნაზუქი“ – „თუ თქვენი განცხადებით წახვალთ ახლავე, დაგენიშნებათ მაღალი პენსია, თუ დროზე არ წახვალთ და შედეგ გადაწყვეტთ, მაღალი პენსია აღარ გექნებათ, ხოლო თუ არ წახვალთ, ჩვენ სხვა მეთოდებს გამოვიყენებთო“ და იყო „სხვა მეთოდები“ გამოყენებული – ცოდვების გამოქექვა. როდესაც რამდენიმე მოსამართლე გაუშვეს თანამდებობიდან, ეს მკაფიო სიგნალი იყო სხვებისთვის. სამწუხაროდ, ცუდად მოიქცა თავად ეს ხელისუფლება – დაიწყო თავისი მოსამართლეების შეყვანა“.

მისი თქმით, „რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა და რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო, „ქართულმა ოცნებამაც“ გაიმეორა, ოღონდ გაცილებით ფართო მასშტაბით“:

„როდესაც იქმნება შეკრული სისტემა, იწყებს კორპორაციული ინტერესების დაცვას, ძალიან ცუდია, მაგრამ გაცილებით უარესია, როდესაც ეს ყალიბდება როგორც კლანი. კლანი თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს და ეს სახიფათოა, მაგრამ კიდევ უფრო სახიფათოა, როდესაც მოსამართლეთა შეკრულია პოლიტიკურ ხელისუფლებასთან – კლანს ქმნის სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლება, ეს უკვე დამღუპველია ყველასთვის. აქ სწორედ ეს ვითარებაა. ხმას რატომ არ იღებენ? ბევრს ეშინია“.

მან გაიხსენა, როდის შეამჩნია კლანის ჩამოყალიბების ნიშნები და ვინ უწყობდა პროცესს ხელს:

„როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს გვქონდა მცდელობა, რაღაც ცვლილებები შეგვეტანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში და ისეთნაირად ჩამოგვეყალიბებინა, რომ თუკი ყველა მოსამართლე შეეკვრებოდა ერთმანეთს, მას ვერ მოეხდინა გავლენა მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებაზე. სამწუხაროდ ამის გაკეთება ვერ შევძელით ორი მიზეზის გამო: ერთი მიზეზი ყველასთვის ცნობილია – მთელი არასამთავრობო სექტორი წინ აღუდგა მოსამართლეთათვის ნორმის ჩაწერას, რომ ისინი წასულიყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და ასევე ამის წინააღმდეგ წავიდა (ეს ინფორმაცია საჯაროდ ცნობილი არ გამხდარა) ვენეციის კომისია. პირადად მქონდა შეხვედრა რამდენიმე წევრთან. მათი მოტივი იყო, „მიეცით მოსამართლეებს თავისუფლება და როდესაც დაინახავენ, რომ თავისუფლები არიან, თავადვე დაიწყებენ კარგად მოქცევას“. მოგეხსენებათ, „ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი უკეთ დაიჭერსო“, მე ამის იმედი არ მქონდა, ჩემი პასუხი იყო, „თუ ეს ცვლილება არ გავატარეთ, უკეთეს შემთხვევაში, მივიღებთ კორპორაციულ მმართველობას, უარეს შემთხვევაში – კლანურ მმართველობას“. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ეს პირველი ნიშანი იყო. მეორე ნიშანი იყო ივანიშვილის და მურუსიძის შეხვედრა. თანდათანობით ახალი ნიშნები ჩნდებოდა. მაგალითად, ცვლილებები სასამართლოების შესახებ კანონში, რომელსაც ბლოკავდა მოსამართლეთა ჯგუფი იუსტიციის მინისტრის და პარლამენტში „ქართული ოცნების“ ნაწილის მეშვეობით. 2016 წლის შემდეგ „ფრთები“ გაშალეს და ყველა ის ცვლილება, რომლის დაბლოკვასაც მანამდე ვახერხებდით, სადღაც ორიოდ თვეში მიიღეს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები