12-04-2023 11:22:54 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდის გავლით დანარჩენ საქართველოსთან ვაჭრობა გაამარტივა. "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას მიერ 31 მარტს ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტი სოცქსელებში გამოქვეყნდა.
წინა - 2007 წლის 23 ივლისის განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დე ფაქტო საზღვარზე გადატანისთვის დაიშვება:
ერთ- და მრავალწლიანი კულტურების ნერგები;
სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი და სხვა სარგავი მასალა;
ცოცხალი შინაური ფრინველი;
შინაური ცხოველების საკვები;
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებისთვის საჭირო საწარმოო დანადგარები;
საავტომობილო ტრანსპორტი;
ავტოსათადარიგო ნაწილები;
სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი საპოხი მასალები.
ბჟანიას განკარგულებას ოპოზიციონერი ომარ სმირი გამოეხმაურა.
"მთელი ბოლო პერიოდი გვესმოდა განხადებები სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე, სამხედრო წვრთნებზე, ზღუდეების მშენებლობაზე და აი, ამ ფონზე პრეზიდენტი საქართველოსთან ვაჭრობას ამარტივებს?", – წერს სოცქსელში სმირი.
2007 წლის ივლისში აფხაზეთის იმჟამინდელმა დე ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დე ფაქტო საზღვარზე კომერციული ტვირთების გადაადგილება სრულად აკრძალა. მას შემდეგ დოკუმენტში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა.
2020 წლის ივნისში დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტვირთბრუნვის კონტროლის აუცილებლობაზე ისაუბრა. "საქართველოდან შემომავალი ტვირთები ჩვენი ტვირთბრუნვის მიშვნელოვანი ნაწილია. მილიარდობით რუბლის პროდუქცია საქართველოში აფხაზეთიდანაც გადის. ამასთან დაკავშირებით რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ", – აღნიშნა მაშინ ბჟანიამ.