
მოსკოვი-თბილისი 18 აპრილიდან: რეისი აეროპორტის განრიგში გამოჩნდა, შემდეგ კი წაიშალა
14/04/2023 14:16:36 საზოგადოება
ვნუკოვოს აეროპორტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ჯერ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 18 აპრილიდან მოსკოვიდან თბილისში პირდაპირი რეისებით იქნება ფრენა შესაძლებელი, შემდეგ კი წაიშალა.
ვნუკოვოს აეროპორტის ვებ–გვერდზე მითითებული იყო, რომ ფრენებს Georgian Airways ყოველდღიურ რეჟიმში შეასრულებდა.
BM.GE-სთან საუბარიში Georgian Airways–ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა უარყო, რომ კომპანია 18 აპრილიდან მოსკოვისკენ პირდაპირ ფრენებს იწყებს.
„ინფორმაცია არასწორია. არანაირი სააღდგომო რეისი არ დანიშნულა. არ ვგეგმავთ 18 აპრილიდან რეისებს. მომავალში რა იქნება ვნახოთ, ჩემთვის ფრენა არავის აუკრძალავს", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
ვნუკოვოს გვერდზე ფრენების განრიგში მოსკოვი-თბილისი 17:30 საათიდან აღარ იძებნება.
ამასთან, BM.GE- ს ცნობით, გამოცემას რუსულ ტურისტულ კომპანია "სოდისში" დაუდასტურეს, რომ 18 აპრილიდან ვნუკოვო-თბილისის მიმართულებით ფრენები ჩანიშნულია.
თავდაპირველად ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ თავის ტელეგრამ–არხზე გაავრცელა ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა. მან ჯერ დაწერა, რომ ამ ცნობებს ფლობს ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, შემდეგ კი ვნუკოვოს აეროპორტის განრიგი გამოაქვეყნა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირდაპირი ფრენების აღგდენა მნიშვნელოვანი იქნება რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.