
ოკუპირებულ ცხინვალში შშმ პირის მკვლელობამ აღშფოთება გამოიწვია
18/04/2023 07:35:44 კონფლიქტები
ოკუპირებულ ცხინვალში 38 წლის სოსლან ვალიევი დაჭრეს. მოგვიანებით,იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შშმ პირის მკვლელობას სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, ვალიევს სასიკვდილო ჭრილობა ქუჩაში დანით მიაყენეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის მიმართ ძებნა გამოაცხადა. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კი შუაღამით, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი მოიწვია და მკვლელობაში ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა", – იუწყება საინფორმაციო სააგენტო.
მანამდე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინცინდენტში მონაწილე ორი პირი უკვე დაკავებული ჰყავდა, მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი სიუკაევის მიმართ კი ძებნა იყო გამოცხადებული.
„დიდი ტრაგედია მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მისკენ მიდის, მიწაშიც რომ იყოს ჩამძვრალი, აუცილებელია მისი იქიდან ამოყვანა. ვინც მას ხელი დააფარა და მისი მანქანა გადამალა ყველა დააკავეთ. თუ სამძებრო ღონისძიებებისთვის ხალხი არ არის საკმარისი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და OMON დაგეხმარებათ“, - განაცხადა გაგლოევმა.
რამდენიმე საათის შემდეგ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სიუკაევი დააკავა, რომლის მიმართაც საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
სიუკაევი ჩვენებას დე ფაქტო პროკურატურის გამომძიებლებს აძლევს.