
ცხინვალში მომხდარი მკვლელობის საქმით პრიგოჟინი დაინტერესდა
18/04/2023 16:44:00 კონფლიქტები
რუსული სამხედრო კომპანია „ვაგერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ეხმიანება ცნობას იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში 38 წლის სოსლან ვალიევის (ცუგრი) მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით „ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლი გეორგი სიუკაევი დააკავეს.
„ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ყველა პირის ბედს მათი შინ დაბრუნების შემდეგ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მეურვეობის ქვეშ მყოფების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი 0,28-დან 0,32%-მდე მერყეობს, ადრე კი 3,5-7% იყო. ამიტომ, „ვაგნერის“ მუშაობის შემდეგ დანაშაული მცირდება 10 და მეტჯერ.
ვინ და რისთვის მოკლა გეორგი სიუკაევი, ვაზუსტებთ. როგორც კი ინფორმაცია გვექნება, სიამოვნებით გაგიზიარებთ. ამიტომ, სათაურები - "ვაგნერის“ შინ დაბრუნებული მებრძოლები კლავენ უდანაშაულო ადამიანებს" - არ მიესადაგება. გთავაზობთ სათაურს: "ვაგნერში მსახურობის შემდეგ ყოფილი კრიმინალებიც კი იშვიათად სჩადიან განმეორებით დანაშაულს", - განუცხადა პრიგოჟინმა The Daily Beast-ს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში 38 წლის სოსლან ვალიევი ქუჩაში დაჭრეს. მოგვიანებით, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შშმ პირის მკვლელობას სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
მკვლელობის საქმეზედააკავეს გიორგი სიუკაევი. არსებული ცნობებით, ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც „ვაგნერში“ მსახურობდა.
„სუიკაევი გიორგი ვაგნერელებთან საპატიმროდან მოხვდა, სადაც იგი სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის. მკვლელობა მან 2014 წელს ჩაიდინა დონბასში საბრძოლო მოქმედებებისას, სადაც სავარაუდოდ, მოხალისედ იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთიდან. მანამდე სრულიად ახალგაზრდა 2008 წლის ომში მონაწილეობდა“, - ნათქვამია ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე.
"ვაგნერმა" გასულ ზაფხულს დაიწყო უკრაინის ომისთვის პატიმრების აქტიური გადაბირება. დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა საუბარია ათიათასობით პირზე, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე ხარისხის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებზე. ბევრი მათგანი დაიღუპა. პრიგოჟინი გადარჩენილებს შეწყალებას ჰპირდებოდა ექვს თვეში. არის შემთხვევები, როცა ყოფილი პატიმრები ომის შემდეგ რეალურად დაბრუნდნენ სახლებში. პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შემთხვევები ძალზე იშვიათია, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რუსული მედია კი წერს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია იარაღით ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი.