
"აფხაზების სულიერ სიმბოლოს" - ლიხნის ცაცხვის დაზიანებაში რუსული კვალი იკვეთება
19/04/2023 15:21:21 კონფლიქტები
"აფხაზების სულიერ სიმბოლოდ" მიჩნეული ხის - ლიხნის ველზე მდგომი მრავაწლოვანი ცაცხვის დაზიანებაში რუსული კვალი იკვეთება.
როგორც სოცქსელში რუსული ეკლესიის მიერ მართულ "აფხაზეთის მართმადიდებელ ეკლესიასთან" დაპირისპირებული "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" თავკაცი, მამა დოროთე (დბარი) წერს, წმინდა ხის დაზიანების კურთხევა-დავალება სავარაუდოდ, გაცემული აქვს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც აფხაზეთში ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასიდან ჩავიდა.
აფხაზებისთვის წმინდა ხე ვანდალებმა 5 აპრილს დააზიანეს. მაშინვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, 11 აპრილს კი დააკავეს ორი ეჭვმიტანილი - ძმები ირაკლი და დაურ ბაღათელიები. ირაკლი საპატიმროში გაამწესეს, მისი ძმა კი აფხაზეთიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.
"დონეცკიდან ჩამოსული სასულიერო პირი ცოტა ხნის წინ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რიგებში მიიღეს და აძიუბჟის ეკლესიის წინამძღვრად გაამწესეს. სავარაუდოდ, სწორედ მისი ხელდასმით მოქმედებდა ორი "ახლადგაქრისტიანებული" ვანდალი, რომელმაც, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არა მარტო ეს, არამედ ვანდალიზმის კიდევ რამდენიმე აქტი ჩაიდინა" - წერს დოროთე დბარი.
აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძებო ორგანოები აცხადებენ, რომ მუშაობენ რამდენიმე ვერსიაზე, მათ შორის - "უცხოური სპეცსამსახურების ქმედებებზე შიდა ვითარების დესტაბილიზაციისთვის".