
ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რა დროსაც მათ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს – სუს–ი
21/04/2023 15:39:06 კონფლიქტები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რა დროსაც მათ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
სუს–ში აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია.
ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ:
მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.
მომხდართან დაკავშირებით ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი დავით ქაცარავა ადგილობრივებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ ორიოდ საათის წინ ოკუპანტებმა ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, გადმოვიდნენ სოფელ ჭვრინისში და სცადეს მოქალაქეების გატაცება. „როდესაც ჭვრინისელებმა გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ სასტიკად სცემეს ადგილობრივ მაცხოვრებლებს“:
„ოკუპანტებისთვის ხელის შეშლას ხმაურზე გამოსული თანასოფლელები შეეცადნენ. ამის საპასუხოდ ოკუპანტებმა ჰაერში სროლა დაიწყეს. ოკუპანტები გაიქცნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილზე ქართული პოლიცია გამოჩნდა“.
საკუთარ განცხადებაში სუს–ი აღნიშნავს, რომ "აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს":
"ცენტრალური ხელისუფლება, მკაცრად დააყენებს აღნიშნულ საკითხს მიმდიანრე წლის 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. მსგავსი უკანონო ქმედებები უკოდურესად აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მყიფე გარემოს“.