
ბათუმში ძაღლის მკვლელობისთვის პირს სასამართლომ 3000–ლარიანი ჯარიმა დააკისრა
27/04/2023 13:36:26 სამართალი, საზოგადოება
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ირაკლი კეშელავას მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის გამო გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 3000–ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ თქვა, ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლის ადვოკატმა სასამართლოს აცნობა, რომ ბრალდებულს ინფარქტი განუვითარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებამ, სასამართლოს დარბაზში მყოფი ცხოველების დამცველები აღაშფოთა.
„ეს ნიშნავს, რომ 3000 ლარად ყველას შეუძლია ქუჩაში მოკლას ძაღლი?“, - ისმოდა კითხვა სხდომათა დარბაზში.
კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. ამ მუხლით ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა სასჯელად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 22 იანვარს დღისით ირაკლი კეშელავამ ბათუმის ცენტრალურ პარკთან მანქანიდან ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლა. ცხოველი ადგილზე მოკვდა.
"ორი პატარა ბავშვი შეესწრო გასროლას. უკრაინელების აქციაც იყო იქვე და ეს ადამიანი საფრთხეს უქმნიდა ყველას. ამ კაცმა ორჯერ გადატენა იარაღი და ხალხმრავალ ადგილას დამიზნებით ესროლა ჩვენს ცუგას და უმოწყალოდ მოკლა. ეს სასჯელი უსამართლო გადაწყვეტილებაა", - ამბობს ნონა ჯიქია, რომელიც ძაღლს პატრონობდა.
თვითმხილველების ვერსიით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიება იყო, რადგან მანამდე მიუსაფარმა ძაღლმა კეშელავას ძაღლს უკბინა.
"ამ მიუსაფარ ძაღლს განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები და იმ ძაღლსაც იმიტომ უკბინა, რომ ბავშვი მისი თავდასხმისგან დაეცვა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი თამრიკო ბოჭორიშვილი.
გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სასამართლოს შენობასთან აქცია იმართებოდა, ცხოველთა უფლებადამცველები კანონის გამკაცრებას მოითხოვდნენ.