
გრიგორიადისი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
01/05/2023 15:57:20 სამართალი, საზოგადოება
მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო.
დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა ლაზარე გრიგორიადისის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. საბოლოოდ მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების პოზიცია გაიზიარა.
თავად გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა პროცესზე განაცხადა, რომ მიმალვა არ უცდია.
"სასამართლოზე ისე თავისუფლად ისხდნენ - ის ორი გვრიტი პროკურორი, თითქოს უკვე ყველაფერი იყო გადაწყვეტილი. ასეთი განცდა გამიჩნდა. 20 000 ლარი გირაო შესთავაზა ადვოკატმა, მაგაზეც უარი თქვა მოსამართლემ. მგონი მე-5 სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება ცოტა ხანში. უბრალოდ ცოტა მძიმე იყო ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება. ძალიან არ მინდოდა ეს პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ეს მთავრობა უნდა მორჩეს. ყველანაირად გავაგრძელებ ბრძოლას",– თქვა დაკავებული ახალგაზრდის მამამ – ბექა გრიგორიადისმა.
დაკავებულის ბაბუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ იყო:
"ვიცოდი რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაკვეთით ხდება დღეს. ლაზარე უნდა დაისაჯოს ყველაზე სასტიკად, რათა მომავალში, რაღაც პროცესები რომ წავიდეს და ახალგაზრდები რომ გამოვიდნენ - ლაზარე ნიმუშად ჰყავდეთ დატოვებული, რომ აი, თქვენც ეს დღე მოგელით თქვენი აქტივობისთვის და თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის"
პროცესის პარალელურად სასამართლოსგან გაიმართა დაკავებული ახალგაზრდის მხარდამჭერი აქცია. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ სპეციალურად შეირჩა ახალგაზრდა და მიზანი დემონსტრანტების დაშინებაა. ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 3 პირის - თორნიკე აკოფაშვილის, გიორგი მიქაძისა და ტარიელ დალაქიშვილის წინასასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.
ცნობისთვის გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავებიან.
გამოძიების მტკიცებით, ახალგაზრდამ 7 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, გამოძიება ირწმუნება, რომ 9 მარტს, მან ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
იხილეთ ასევე: გრიგორიადისი "მიზანში": ხელისუფლების მიდგომის ოთხი პრობლემა