
ჯეირან მარღანიას მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
02/05/2023 13:56:30 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯეირან მარღანიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პროკურატურა ავრცელებს.
დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებულმა 1997 წელს დაბადებულმა დავიდ ახიბამ დანაშაული უკვე აღიარა.
33 წლის ჯეირან მარღანიას ცხედარ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის ტერიტორიაზე, 2 აპრილს იპოვეს. ცხედარი სამშენებლო ნარჩენების ქვეშ ქსოვილგადაფარებული ნახეს, მას მრავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
"რადიო თავისუფლებას" გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა უამბო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპირებულ ქალაქ გალში დედასთან და 2 ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ბოლო პერიოდში კი სამუშაოდ გაგრაში იყო წასული. წყაროს ინფორმაციით, ჯეირან მარღანია ტაქსის მძღოლად მუშაობდა.