
აფხაზეთში რუსეთის 200 ათასი მოქალაქის ჩასახლება იგეგმება
02/05/2023 14:42:20 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კრემლის ზეწოლით ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის 200 ათასამდე მოქალაქის ჩასახლებას გეგმავს.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბოლო დღეებში ამაზე უკვე ღიად დაიწყო საუბარი, მრავალრიცხოვან კრიტიკოსებს კი პასუხობს არგუმენტით, "სანამ მიზეზთა გამო აფხაზეთში საგრძნობლად შევცოტავდებოდით, კიდევ უფრო მეტნი ვიყავით და რა, ვერ ვეტეოდითო?!".
თავად რუსეთის მოქალაქეები სოხუმის გადაწყვეტილებას სიახრულით ხვდებიან და სოცქსელებში თანამემამულეებს ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებენ:
ამავდროულად ბჟანია აცხადებს, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჯამში 150 მლრდ რუბლის ოდენობის რუსული ინვესტიციით აპარტამენტების ასაშენებლად სახელმწიფო აქტივების გასხვისებას გეგმავს:
აღსანიშნავია, რომ კრემლის ზეწოლით აფხაზურ "პარლამენტში" წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიწისა და სხვა უძრავი ქონების უცხოელებზე (უპირველესად, ცხადია, რუსეთის მოქალაქეებზე) გასხვისებაზე დღემდე მოქმედი მრავალწლიანი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმებას ითვალისწინებს, ამ დრომდე არაა მიღებული, თუმცა რუსეთის მოქალაქეებზე "ბინადრობის მოწმობების" გაცემა უკვე დაიწყო, რიგ შემთხვევებში კი ფიქსირდება აფხაზური "მოქალაქეობის" გაცემის ფაქტებიც.
აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე, როგორც ოპოზიცია, "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობების ჰარმონიზების" შესახებ 45-პუნქტიანი პაკეტით მოცულ ამ და სხვა საკანონმდებლო ინიცატივებს უკვე მრავალი თვეა, აპროტესტებს. ორიოდ დღის წინ ოპოზიციამ ბჟანიას ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცა, "ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ინიციატივების" გაუწვევლობის შემთხვეაში კი მისი გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებით დაემუქრა.