![აფხაზეთში არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა სავალალოა – "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/lpoppp.jpg)
აფხაზეთში არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა სავალალოა – "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" [ვიდეო]
03/05/2023 08:15:01 კონფლიქტები, საზოგადოება
"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" აქტივისტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადაღება მოახერხეს, აცხადებენ რომ ძეგლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან და ამასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. კერძოდ, აქტივისტებმა კადრებზე აღბეჭდეს ოჩამჩირის რაიონში უნიკალური ქართული ძეგლების – ბედიის მონასტრის (X საუკუნე), მოქვის საკათედრო ტაძრის (X საუკუნე), და ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის (XI საუკუნე) მდგომარეობა.
„X საუკუნით დათარიღებულ ბედიის მონასტერში, სადაც ჯერ კიდევ 2010 წელს, ქართული კვალის წაშლის მიზნით, ჩამოიფხიკა უნიკალური კედლის მხატვრობა, მათ შორის ბაგრატ III-ს ცნობილი ფრესკა, წლებია, მიმდინარეობს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის შედეგიც კედელზე ჭიკარტით მიმაგრებული ბაგრატ III-ს დიდი ფოტოა, ხოლო უშუალოდ მონასტრის საერთო მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე აქამდე იყო.
- განსაკუთრებით სავალალოდ გამოიყურება ბაგრატ III-ს საძვალე
- აყრილია იატაკისა და საფლავის ქვები, მონასტრის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები კი ხე-მცენარეებით იფარება დღემდე გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება „სარეაბილიტაციო სამუშაოები“,– აცხადებენ მოძრაობის წევრები.
მათი თქმით, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ტაძარში შემორჩენილი ავთენტური ფრაგმენტები განადგურდეს და შესაძლოა, ბედიის მონასტერმა ილორის ეკლესიის ბედი გაიზიაროს და ის უბრალოდ თეთრად გადაღებონ, ისინი მოუწოდებენ კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო საშუალება მეორე მხარესთან ბედიის მონასტრის ე.წ. რესტავრაციის მიზნების დასადგენად და ზემოთხსენებული ძეგლების შესანარჩუნებლად.
„მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ასევე წერილით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ICOMOS და „ლურჯი ფარის“ წარმომადგენლობას, იმოქმედონ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად და მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოიჩინონ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად.