
რუსული ФСБ ტერაქტების კონტექსტში კვლავ ახსენებს საქართველოს
03/05/2023 09:21:31 ევროპა
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) ირწმუნება, რომ გამოავლინა „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო არხი“, რომლის გამოყენებით, თურქეთის და საქართველოს გავლით, ბულგარეთიდან რუსეთში ჩადიოდა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელებად შენიღბული, „ბრიტანული წარმოების ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები“ ყირიმში „ტერაქტების მოსაწყობად“.
რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ამ საქმიანობაში ჩართული იყვნენ უკრაინის, ბულგარეთის და რუსეთის მოქალაქეები:
"დაკავებულია ყირიმში მოქმედი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ღრმად კონსპირაციული აგენტურული ქსელის“ 7 წევრი, რომლებიც რუსეთის, უკრაინის და ბულგარეთის მოქალაქეები არიან".
ФСБ–ში აცხადებენ, რომ აღკვეთილია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს „აგენტურული ქსელის საქმიანობა“, რომელიც მიმართული იყო ყირიმში „რეზონანსული დივერსიულ-ტერორისტული აქტების ჩადენისკენ“.
რუსული უშიშროება ტერაქტების სამიზნედ ასახელებს ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურს სერგეი აქსიონოვს, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს ვლადიმირ კონსტანტინოვს და იალტის ე.წ. მერს იანინა პავლენკოს.
ФСБ–ს მტკიცებით, ტერაქტები მზადდებოდა ყირიმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზეც.
ორგანიზატორად დასახელებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე რომან მაშოვეცი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ტერაქტების კონტექსტში ახსენებს საქართველოს.
იხილეთ ასევე: „ძალიან მკაფიო გზავნილია“: რატომ მოხვდა საქართველო რუსულ ვერსიაში