
ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის „ლუქს“ პალატაში არც რკინის მაგიდა დგას და არც გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება დაზიანება
04/05/2023 08:19:24 პოლიტიკა, საზოგადოება
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდს არ ადასტურებს.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ამას თავად პაციენტი აცხადებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მან რკინის მაგიდას დაარტყა თავი, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ „ლუქს“ პალატაში რკინის მაგიდა საერთოდ არ არის:
"როგორც პაციენტმა აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება, არც საშუალო მედპერსონალის და არც ექიმის მიერ. საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმებმა. როგორც მორიგე პერსონალი გადმოსცემს, გონების კარგვა არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით გონების კარგვა იყო. ამიტომ, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. რაც შეხება რკინის მაგიდას, პაციენტი „ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას, იმ სივრცეში არ არის. გარეგანი დათვალიერებით არავითარი დაზიანების კვალი არ არის, არ ეტყობა. მაგრამ კანონიერად ხდება ვიდეოს ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კამერები და შეგიძლიათ, მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი თქით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა.
„ყველა პარამეტრი, იქნება ეს ჰემოდინამიკური თუ რესპირატორული მაჩვენებლები, არის ნორმის ფარგლებში“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.