
სომხეთ–აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში მიღწეული პროგრესის ფონზე მოსკოვი საკუთარ როლზე აქცენტირებს
05/05/2023 08:03:53 კავკასია
ვაშინგტონში სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების დასრულების ფონზე, ოფიციალური მოსკოვი იმეორებს, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია და რომ ის სამმხრივ შეთანხმებას ეფუძნება, რომლის დარღვევაშიც სხვათა შორის, ილჰამ ალიევმა, მათ შორის, რუსეთი დაადანაშაულა, სომხეთსაც არ დაუმალავს თავისი სტრატეგიული პარტნიორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უკმაყოფილება.
„პირველ რიგში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალისხმევის წყალობით, მაშინდელი ცხელი კონფლიქტი ჩაქრა [საუბარია ყარაბაღის მეორე ომზე – რედ.]. რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადება ეხება ცეცხლის შეწყვეტას და მოძრაობას სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზებისა და სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებისკენ“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, „ისეთი უძველესი და მგრძნობიარე კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტა, რაც ხდება მთიან ყარაბაღში და მის ირგვლივ, თუ რეალურად შეხედავ საგნებს, „მიწაზე“ გარკვეული უხეშობისა და პრობლემების გარეშე ვერ წავა“.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე საუბრისას, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ის ოთხი ძირითადი სფეროსგან შედგება: რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, დიალოგი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია და კავშირების დამყარება საჯარო და საპარლამენტო ხაზით. მისი მტკიცებით, მოსკოვის როლი ყველა ამ სფეროში გადამწყვეტია.
1-4 მაისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოლაპარაკებები გამართეს ვირჯინიის შტატში, არლინგტონში.
ვაშინგტონში ისინი შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს. შეხვედრის შემდეგ სალივანი მოლაპარაკებაში პროგრესს მისალმა.
სომხეთის საგარეო უწყების ანგარიშის მიხედვით, „მინისტრებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები არსებულ ვითარებაზე და წარმოადგინეს პოზიციები ურთიერთობების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ არსებულ საკითხებზე“:.
„მინისტრებმა და მათმა გუნდებმა მიაღწიეს პროგრესს ორმხრივი შეთანხმების პროექტის „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ზოგიერთ მუხლში ურთიერთგაგების კუთხით, ამასთან, დააფიქსირეს, რომ ზოგიერთ ძირითად საკითხთან დაკავშირებით პოზიციები კვლავ განსხვავდება“.
ორივე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების გამართვისთვის. მხარეები დისკუსიების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
4 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნში მიმდინარე თვის განმავლობაში მოსკოვში გაიმართება.