
კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს – სუს–ი
05/05/2023 18:15:10 კონფლიქტები
სახელმწიფო უსაფრთხოების ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძისთვის 10–წლიანი პატიმრობი მისჯას განცახდებით ეხმიანება და მას უკანონოს უწოდებს.
"აღნიშნულ უკანონო „გადაწყვეტილებას“ წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.
ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე".
უწყებაში აცხადებენ, რომ ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის "პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს".
"ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.“, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. უშიშროების სამსახური ქრისტინე თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.
25 წლის ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს გალის რაიონში დააკავეს.
2023 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 4 მოქალაქე: გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გალის მცხოვრები ა.თ. და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუმხელია.