Accentnews.ge
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება მიიღო, მამუკა ჩხიკვაძის საკითხი გაურკვეველია

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება მიიღო, მამუკა ჩხიკვაძის საკითხი გაურკვეველია

08/05/2023 17:58:55 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა ამნისტიის გამოცხადების შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირეს, – იუწყება ოსური მედია.

დე ფაქტო პარლამენტის კანონიერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ალან გაგლოევის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება და საპატიმროს დატოვებს დაახლოებით 50 პირი, ვინც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვისაა მსჯავრდებული.

"რადიო თავისუფლების" ცხინვალელი წყაროს ცნობით, ამნისტირებულთა სიის დაზუსტება სწორედ ახლა მიმდინარეობს და როგორც კი ამ საკითხზე მუშაობა დასრულდება, ამნისტირებული პირები საპყრობილეს მაშინვე დატოვებენ. ამავე წყაროს ცნობით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მამუკა ჩხიკვაძის შესაძლო შეწყალების შესახებ ინფორმაცია პირველად აპრილში გავრცელდა, თუმცა პროცესი მაისისთვის გადაიდო და ჩხიკვაძეს ციხეშიც ურჩიეს, რომ ამნისტიის გამოცემას დალოდებოდა. ეს ინფორმაცია მამუკა ჩხიკვაძემ ბიძას შმაგი ჭანკვეტაძეს თავადაც დაუდასტურა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მას მამუკა რამდენჯერმე დაუკავშირდა და გათავისუფლების მოლოდინის შესახებ აცნობა.

„დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ოსურმა მხარემ საიტზე დაიდო ინფორმაცია ამნისტიის გამოცხადების შესახებ და 50 კაცს შეეხებაო, მაგრამ სახელები და გვარები ჯერ არ არის ცნობილი. მამუკასთანაც მქონდა კონტაქტი და ისიც ელოდება გათავისუფლებას. 9 მაისისთვის ველოდებოდით. ჩემი ინფორმაციით, ალბათ, უფრო ზეგისთვის გაირკვევა", - ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.

27 აპრილს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, მათ შორის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაზე იმსჯელეს. შეხვედრიდან დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცხინვალიდან პოზიტიური სიგნალი მიიღო.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს დააკავეს. ყოფილი ჯარისკაცი მანამდე შინდისის გმირთა მემორიალთან ნახეს, მოგვიანებით – ნიქოზის სასაფლაოსთან.

14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ჩხიკვაძის ცხინვალელმა ადვოკატმა ეს გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს თავისუფლების 3 წლით და 8 თვით აღკვეთა განუსაზღვრეს.

ჩხიკვაძე წელიწად-ნახევარია, უკვე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფება, იქაური კანონმდებლობით პატიმრობის 2 დღე, 3 დღედ ითვლება, ამიტომ გამოდის, რომ ჩხიკვაძეს ე.წ. სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს.

მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე იმყოფება. მათი უმეტესობა დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის გასამართლებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S