
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
11/05/2023 13:12:06 კონფლიქტები
ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ შეტყობინებაში უთითებს, რომ დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
სუს–ის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად",– აცხადებენ სუს–ში და დასძენენ, რომ "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“.