
აფხაზეთში რუსეთის ანექსიური ნაბიჯების საწინააღმდეგო მიტინგები დაანონსდა
12/05/2023 04:39:07 კონფლიქტები
აფხაზური ოპოზიცია ხალხს 30 მაისისთვის "სახალხო მიტინგზე" იწვევს.
"თანამემამულენო! ჩვენ ამოვწურეთ მოქმედ ხელისუფლებასთან დიალოგის ყველა შესაძლებლობა, ხოლო მისი სწრაფვა, აფხაზეთში უცხოელები [რუსეთის 200 000-მდე მოქალაქე - რედ.] შემოგვისახლოს, სტრატეგიული ობიექტები [რუსეთზე - რედ.] გაასხვისოს, ჩვენი მოსახლეობა გააღატაკოს ელექტროენერგიაზე გაუსაძლისი ტარიფით, ფაქტობრივად სრულად გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფოს ყველა ძირითადი სფერო ეროვნული ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების და სხვების ჩათვლით, აღარ გვიტოვებს სხვა არჩევანს, თუ არა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოვუწოდოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, შეჩერდეს" - ნათქვამია ოპოზიციური ძალების ერთობლივ განცხადებაში.
მოთხოვნებს შორისაა:
- "მთავრობის" გადაყენება;
- ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მოსკოვთან დადებული შეთანხმების აფხაზური საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევა;
- ე.წ. ეკონომიკურ საქმეებზე რუსეთისა და აფხაზეთის სასამართლო/ საარბიტრაჟო უწყებების გადაწყვეტილებების ურთიერთცნობისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების "პარლამენტიდან" გაწვევა;
- [რუსეთის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი - რედ.] "აპარტამენტების/აპარტ-ოტელების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ" კანონპროექტის "საკანონმდებლო ორგანოდან" გაწვევა;
- ელექტროენერგიის ძველი ტარიფის დაბრუნება.
ცნობისთვის: ოპოზიციამ ასლან ბჟანიას გუნდს გადადგომისთვის ორკვირიანი ვადა მისცა, თუმცა "პრეზიდენტმა" ულტიმატუმის იგნორირება მოახდინა.