
საქართველოს მიმართ პუტინის გადაწყვეტილებების ფონზე სოხუმში "საგარეო და სავიზო პოლიტიკის სასწრაფოდ გადახედვის" აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ
12/05/2023 09:42:02 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 10 მაისს საქართველოსთან სავიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებას აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში აქტიურად გამოითქმის სხვადასხვა ვარაუდები იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება, იქონიოს ამან სოხუმზე. ამაზე მსჯელობენ საექსპერტო წრეებშიც.
ეკონომისტი ახრა არისთავა დარწმუნებულია, რომ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებები წმინდად პოლიტიკურია და შედეგები ექნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
"რუსეთის პრეზიდენტის ეს ბრძანებულებები უპირველესად, სწორედ პოლიტიკური ხასიათისაა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, ეს აისახება მთელს რეგიონზე - არა მარტო საქართველოზე და ექნება გრძელვადიანი შედეგები" - განაცხადა არისთავამ "ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება საკუთრივ აფხაზეთს, ანალიტიკოსის აზრით, პუტინის გადაწყვეტილებები მასზე ასახვას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით ჰპოვებს.
ეკონომიკურ შედეგებზე საუბრისას არისთავა იხსენებს, რომ "გასულ კვირას თურქეთმა რუსეთს ავიამიმოსვლის გაშვიდმაგება სთხოვა".
"საქმე გვაქვს რუსი კლიენტისთვის ბრძოლაზე და ნაკლებ სავარაუდოა, აფხაზეთმა ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპის შენარჩუნება შეძლოს. ბოლო წლებში საქართველოში ტურისტული ნაკადის მრავალჯერადი ზრდა ფიქსირდებოდა, ფრენების აღდგენასთან ერთად კი ის კიდევ უფრო გაიზრდება. უვიზო მიმოსვლა, სერვისის მაღალი დონე, სწრაფი და კომფორტული ავიამიმოსვლა, ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობები და შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი, - ყველა ამ საკითხში აფხაზეთი სერიოზულად ჩამორჩება საქართველოსა და თურქეთს. შედეგად უფრო შეძლებული ტურისტები ამ ქვეყნებისკენ აიღებენ გეზს და აფხაზეთი მათთან კონკურირებას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ხსენებულ გადაწყვეტილებებს ჩვენთვის ეკონოიკური კუთხით ნეგატიური შედეგები ექნება" - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, იგი დარწმუნებულია, რომ ამ კუთხითაც იქნება რაიმე, თუმცა რა - ამ ეტაპზე თქმა უჭირს:
"რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური შედეგებიც, მაგრამ როგორი - პროგნოზირება ძნელია, რადგან ინფორმაცია არ გვაქვს. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმების მიხედვით, ჩვენ რუსეთთან კოორდინირებული საგარეო პოლიტიკა გვაქვს. არ ვფლობ ინფორმაციას, გააფრთხილა თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობამ აფხაზეთის ხელისუფლება წინასწარ ამ ნაბიჯების თაობაზე: თუ კი - კარგია, თუ არა - რა თქმა უნდა, ცუდი. ჩვენ ვნახეთ, როგორი ყურადღებით აკვირდებოდა თბილისი მოვლენებს მთიან ყარაბაღში. არგებდნენ თუ არა ამ სცენარს საქართველოსა და აფხაზეთს - არ ვიცით, მაგრამ ნათელია, რომ დიდი სიფრთხილე გვმართებს".
ანალიტიკოსის აზრით, აფხაზეთმა ასევე "სასწრაფოდ უნდა გადახედოს თავის საგარეო და სავიზო პოლიტიკას".
"ამჟამად იგი დახურულია, უვიზო ურთიერთობები აქვს მხოლოდ სამ სახელმწიფოსთან: რუსთთან, ბელარუსსა და ყაზახეთთან. ტურისტული ქვეყნისთვის მსგავსი ჩრდილოეთკორეული ვარიანტი მიუღებელია და გადასახედი. გასულ წელს რუსეთსა და ბელარუსს შორის ვიზების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. აფხაზეთსაც არ აწყენდა ანალოგიური შეთანხმებების გაფორმება, რათა, მაგალითად, ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ჩადიან, შეეძლოთ მოგზაურობა არა მარტო ბელარუსში, არამედ აფხაზეთშიც. ვენი პასუხი სიმეტრიული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ტურისტული ნაკადის ზრდის შარშანდელ ტემპს დავკარგავთ" - დასძენს არისთავა.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება