
გორში მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართება
12/05/2023 12:21:56 სამართალი, საზოგადოება
გორში, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართება. მოსამართლეების ნაწილი გორში ავტობუსებით ჩავიდა, ნაწილი - პირადი ავტომობილებით.
"15 მაისი მოდის, ორშაბათი დღეა, მოსამართლის დღეა, ამიტომ მოსამართლეები გამოვედით", - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ.
ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძეც ესწრება.
"ექსკურსია აკრძალულია?!. ექსკურსიაზე ვართ და აღვნიშნავთ მოსამართლეთა დღეს. პრობლემაა? მე ვერ ვხედავ პრობლემას", -განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
"მთავარი არხის" გენდირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ქადაგიძემ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
"რითი არის პოლიტპატიმარი? თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მეტყვიან, რომ სამართლებრივად პრობლემა არის რომელიმე საქმესთან მიმართებაში, მაშინ დისკუსიაში შემოვალ, სხვა შემთხვევაში მე ვერ ვაღიარებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან".
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო შეზღუდვები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დამატებით განმარტა მოსამართლეთა სანქცირების მიზეზი და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".