Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგმა სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი განუცხადა

იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგმა სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი განუცხადა

12/05/2023 13:23:14 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

მინისტრის თქმით, სტრასბურგმა სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი განუცხადა.

„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურნალოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებაში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი [სააკაშვილის] შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. მოვუწოდებ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის მისი გარემოცვა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს და ასევე, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც ექიმები ეუბნებიან. არც ექიმების გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან, სახელმწიფო კი აკეთებს მაქსიმუმს. მას აქვს შექმნილი ყველა პირობა, რომ იყოს ჯანმრთელად და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

​პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განაცხადი 11 აპრილს გაიგზავნა.

მანამდე, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მსგავსად ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა და მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე 2 მარტს გახდა ცნობილი. ამას წინ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა. კერძოდ, ორთვიანი განხილვის შემდეგ პირველმა ინსტანციამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა, არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S