როგორ აღმოჩნდა დაძაბული საარჩევნო კამპანიის ფონზე თურქეთში აგორებულ სკანდალში საქართველო

12-05-2023 20:27:51 ეს საინტერესოა

დაძაბული საარჩევნო კამპანიის დასასრულს თურქული მედია აქტიურად განიხილავს სკანდალურ ცნობას პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის მკვლელობის გეგმების შესახებ. თავდაპირველად ინფორმაცია ცნობილმა თურქმა ჟურნალისტიმა მერდან იანარდაგმა გაავრცელა, რასაც მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ 14 მაისის არჩევნებში თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის – ქემალ ქილიჩდაროღლუს ლიკვიდაციას საქართველოდან ჩასული ჯგუფი გეგმავს.

მისი თქმით, მკვლელობის გეგმას ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ხელმძღვანელობს, რომელიც ამჟამად 8–წლიან სასჯელს ქართულ ციხეში იხდის ნარკოდანაშაულისთვის. ბიზნესმენი, რომელიც ამჟამად საქართველოს მოქალაქეა, გასულ წელს დააკავეს. მაშინ საქართველოში თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ 2018 წლიდან ითხოვს ბიზნესმენის ექსტრადაციას. სწორედ ამ წელს მიუსაჯა თურქულმა სასამართლომ ოზთურქს დაუსწრებლად პატიმრობა მკვლელობის წაქეზებისთვის. და როგორც მერდან იანარდაგი ამტკიცებს, ბიზნესმენის მიზანი შეწყალების მოპოვებაა.

„თურქეთის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, სიგიჟის პიკია! ქემალ ქილიჩდაროღლუ ხშირად ამბობს, რომ გამქრალ 400 მილიარდ დოლარზე კონკრეტულ ადამიანებს მოსთხოვს პასუხს. ის ხშირად ამბობდა, „ვიცი, ამის შემდეგ, შესაძლოა, მეც დამემუქროს რამეო“. მას შემდეგ, რაც ბოლო გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი და იკვეთება, რომ ქილიჩდაროღლუმ შესაძლოა, არჩევნები მოიგოს, ასეთი პროვოკაციული საკითხების კარგად გამოძიებაა საჭირო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შს სამინისტრომ აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს ინფორმაცია“,– თქვა ჟურნალისტმა.

მან ივარაუდა, რომ თავდასხმა შესაძლოა, სამსუნში გამართულ საარჩევნო შეკრებაზე დღეს, 12 მაისს მომხდარიყო. თავად ღონისძიებამ 12 მაისს ინციდენტის გარეშე ჩაიარა, თუმცა მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატის გვერდით დღევანდელ მასშტაბურ აქციაზე მართლაც შეინიშნებოდა გაძლიერებული დაცვა. მეტიც, Reuters-მა გაარკვია, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს ფოლადის ჟილეტი ეცვა.წყარომ მისი პარტიიდან განაცხადა, რომ "დაზვერვის“ თანახმად,“ მას შესაძლოა, თავს დაესხან". ეს პირველად მოხდა მისი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. წყარომ ქილიჩდაროღლუს რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან, თქვა, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იქნა მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია მასზე შესაძლო თავდასხმის შესახებ. წყაროს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გაჟღერებული ბრალდებების საფუძველზე სტამბულის მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ოზთურქის ადვოკატმა კი ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ციხეში მყოფი ადამიანი ამ სავარაუდო დანაშაულის ორგანიზატორი ვერ იქნება.

იხილეთ ასევე: ერდოღანის მთავარი კონკურენტი რუსეთს თურქეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები