
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი გათავისუფლდა
13/05/2023 13:48:22 კონფლიქტები
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ს ცნობით, გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.