
ოკუპანტების მიერ გუშინ ნიქოზის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
15/05/2023 14:23:31 კონფლიქტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია
უწყების ცნობით, იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", – აცხადებს სუს–ი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ერგნეთის მიმდებარედ დააკავეს.