
ოკუპანტებმა ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს
16/05/2023 10:42:13 კონფლიქტები
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი", ინციდენტის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დაუყოვნებლივ ეცნობა. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ზედიზედ, მესამე დღეა, ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ. დაკავებულთაგან ერთ–ერთი გუშინ გაათავისუფლეს.